24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ევროპული მხარდაჭერით უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დაუყოვნებლივ ჯარების გაყვანას მოითხოვს. აშშ-მ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოცემა Breitbart-თან საუბრისას განმარტა, რომ აშშ-მ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან არ სურს რომელიმე მხარის მტრად გამოყვანა. რუბიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი ომის მალე დასრულებაა.

"შეგიძლიათ წაიკითხოთ ბოლო სამი წლის სიახლეები და ნახოთ, რა მოხდა უკრაინაში. ახლა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მას სურს ამ ომის დასრულება. ის ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიღუპა და უნდა რომ ეს დასრულდეს. შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ ხელსაყრელი არ იყო გაეროში ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც რომელიმე მხარეს მტრულად განაწყობს. ჩვენ ვცდილობთ ისინი მაგიდასთან დავსვათ. სამწუხაროდ, უკრაინა არ დაგვეთანხმა" – ამბობს რუბიო. 

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა აშშ-ის მიერ წარდგენილ რუსეთისადმი არაკრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც მხოლოდ ომის დასრულების მოწოდებას შეიცავდა და არ ახსენებდა მოსკოვის აგრესიას. ამ რეზოლუციაში ევროპის ქვეყნებმა და უკრაინამ შესწორებები შეიტანეს, რის შემდეგაც აშშ-მ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიუთითებს „რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ რუსეთმა „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

უკრაინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 65-მა თავი შეიკავა, ხოლო 18-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. რეზოლუციის წინააღმდეგთა შორის იყვნენ აშშ, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი და სუდანი. საქართველომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

საპირისპიროდ, აშშ-ის თავდაპირველი რეზოლუცია მხოლოდ აბზაციანი იყო და მოიცავდა: მწუხარებას „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“ დაღუპული ადამიანების გამო, გაეროს მთავარ მისიაზე მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ხაზის გასმას და ომის სწრაფად დასრულებისა და მდგრადიმშვიდობის მიღწევის მოწოდებას.

ევროპულმა ქვეყნებმა და უკრაინამ გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის რეზოლუციის ტექსტში რამდენიმე ცვლილება დააინიცირეს და დაამატეს უკრაინაშირუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ მინიშნებები, ასევე აუცილებლობა „სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის“ დამყარებისა, გაეროს ქარტიის პრინციპების შესაბამისად. ამავდროულად, შესწორებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რედაქტირებულ აშშ-ის რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო: 93 „მომხრე“, 8 „წინააღმდეგი“, ხოლო 73-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. უკრაინამ რეზოლუციასმხარი დაუჭირა, აშშ-მ თავი შეიკავა, ხოლო რუსეთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. საქართველომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

კენჭისყრამდე, გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი, დოროთი შეა მოუწოდებდა „ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს“, მხარი დაეჭირათ  მათი თავდაპირველი რეზოლუციისთვის.

„გენერალურმა ასამბლეამ უნდა გააკეთოს მარტივი, ისტორიული განცხადება, რომელიც წინ იყურება და არა უკან. რეზოლუცია ფოკუსირებულია ერთ მთავარ იდეაზე - ომის დასრულებაზე. მშვიდობის გზა შესაძლებელია“ - თქვა აშშ-ს წარმომადგენელმა.

ხმის მიცემის შემდეგ, რუსეთში გაეროს ელჩმა, ვასილი ნებენზიამ აღნიშნა: „დღეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა საკუთარი თვალით იხილეს, რომ უკრაინაში მშვიდობის გზა ადვილი არ იქნება და ბევრი ეცდება, რომ რაც შეიძლება დიდხანს არ მოხდეს მისი მიღწევა. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაჩეროს“.

Tabula

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *