აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი პამ ბონდი დაამტკიცა.

პამ ბონდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ყველა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა სენატორმა, შესაბამისად, 54-მა პირმა ხმა მისცა მის კანდიდატურას, ხოლო 46-მა წინააღმდეგ.

როგორც დემოკრატმა სენატორმა კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პამ ბონდის მხარი მისი კვალიფიკაციის გამო დაუჭირა, თუმცა ის იდეალური კანდიდატი არ არის.

სენატში მოსმენის დროს პამ ბონდიმ სენატორებს განუცხადა, რომ ის შეინარჩუნებდა პოლიტიკას, რომელიც თეთრ სახლთან თანამშრომლობას ზღუდავს და დეპარტამენტის დამოუკიდებლობას დაიცავდა.

მან, აგრეთვე, ისაუბრა იმაზეც, რომ არ დაუშვებდა ტრამპის პოლიტიკურ შურისძიებას და მისი ე.წ. მტრების დევნას.

პარალელურად, სენატის საფინანსო საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს რობერტ კენედი უმცროსის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას და ახლა რობერტ კენედი უმცროსს მოუსმენს სენატის სრული შემადგენლობა, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობას ქმნიან.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *