აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "შეშლილი რადიკალები" მართავდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ გაათავისუფლებს, შემდგომ კი სააგენტოს შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
"მას [USAID-ს] შეშლილი რადიკალები მართავდნენ და ახლა მათ ვყრით [...] შემდგომ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ". - თქვა ტრამპმა.
მოგვიანებით SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი მას USAID-ის დახურვის შესახებ ეთანხმება.
რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა მასკს "ჭკვიანი" უწოდა და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის არ მოიმოქმედებს ისე, როგორც ეს მასკს სურს.
"ვფიქრობ, ილონი საქმეს კარგად უმკლავდება, ხარჯების დიდი შემამცირებელია. ზოგჯერ ამას არ დავეთანხმებით და არ გავაკეთებთ იმას, რაც მას სურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საქმეს შესანიშნავად აკეთებს, ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანია და ძალიან მოსწონს ჩვენი ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის შემცირება". - თქვა ტრამპმა.
2 თებერვალს მასკმა X-ზე ფონდი ონლაინ თავისუფლებისთვის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ბენცის ვიდეო გააზიარა და დაწერა, რომ USAID "კრიმინალური ორგანიზაციაა". ბენცის ვიდეოში, რომელიც ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, ფოტოები, მათ შორის, ქართული აქციებიდანაც არის მოყვანილი.
გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ისთვის ავტონომიის ჩამორთმევასა და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მის დაქვემდებარებას განიხილავს.
USAID-ის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა აშშ-ში არსებულ ულტრამემარცხენე, ე.წ. Woke პოლიტიკურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებას უკავშირდება.
სავარაუდოდ, ტრამპი სწორედ ფედერალურ ბიუროკრატიაში არსებულ ულტრამემარცხენე ტენდენციებსა და ე.წ. Woke იდეოლოგიის გავლენაზე მიუთითებს, როდესაც USAID-ის სათავეში "შეშლილ რადიკალებზე" საუბრობს.
ცნობისთვის, ტრამპს აქამდე არაერთხელ გაუკრიტიკებია ულტრამემარცხენე პოლიტიკა და მემარცხენე, ე.წ. Woke პოლიტიკოსები. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა თავისი ოპონენტი, კამალა ჰარისი გიჟ და რადიკალ სოციალისტად მოიხსენია.
20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.
თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამონაკლისი დააწესა იმ შემთხვევებზე, როცა საქმე "სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრების ან არსებობისთვის საჭირო დახმარებას, ასევე მსგავსი დახმარების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას" ეხება.
ტრამპმა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების შეწყვეტა იმით ახსნა, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს".
ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა იქნება, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.
ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა და შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების უფროსები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ ხსენებული პროგრამები.
პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ იგივე ფორმით გააგრძელოს ეს პროგრამები.
ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერ ახალ საგარეო დახმარების პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობა იქნება საჭირო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ USAID-ის პროგრამების შეჩერების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "პაუზის გარეშე, აშშ-ს გადასახადის გადამხდელები" დააფინანსებდნენ "პრეზერვატივებს (და სხვა კონტრაცეფციულ მომსახურებებს) ღაზაში, კლიმატის სამართლიანობის სამარკეტინგო სერვისებს გაბონში, ქალთათვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის პროგრამებს ფიჯიში, გენდერის განვითარების პროგრამებს, ოჯახის დაგეგმარებას სამხრეთ ამერიკაში, სქესობრივ განათლებასა და აბორტის მხარდამჭერ პროგრამებს ახალგაზრდა გოგონებისთვის დედამიწის გარშემო და სხვა მრავალს".
"აქამდე გამოცხადებული 90-დღიანი პაუზა და აშშ-ს საგარეო დახმარების გადახედვა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს დივიდენდებს უკვე უხდის. ჩვენ ფლანგვას ვძირკვავთ. Woke პროგრამებს ვბლოკავთ და ვამხელთ აქტივობებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან არაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ეს პროგრამები ავტოპილოტზე დარჩებოდა. [...] ამგვარი პროგრამები არ ხდიან ამერიკას უფრო ძლიერს, უფრო უსაფრთხოს და არ მოაქვთ მეტი კეთილდღეობა". - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ არასასურველი პროგრამების სიაში არ არის ნახსენები მედიის თავისუფლების მხარდაჭერის ან გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი პროგრამები.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები USAID-ის წინააღმდეგ ფედერალური მთავრობის გარდაქმნისა და ხარჯების შემცირების პოლიტიკასთანაც არის კავშირში.
ფედერალური მთავრობისა და მისი პოლიტიკის გარდაქმნის ფარგლებში ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) შექმნა, "გენდერის იდეოლოგიის" ხელშემწყობი ყველა სამთავრობო პროგრამა შეაჩერა, ბაიდენის ადმინისტრაციის რიგი ზომები გააუქმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც "პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მთავრობის" გამოყენების დასრულებას ისახავს მიზნად, გასცა დირექტივა "სიტყვის თავისუფლებისა და მთავრობის ცენზურის აღმოფხვრის" შესახებ და შეიწყალა თითქმის ყველა, დაახლოებით 1 500, პირი, ვისაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.
ამასთან, USAID-ისთვის დაფინანსების შეჩერების მსგავსად, ტრამპმა ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების ფედერალური სესხების, გრანტებისა და ფინანსური დახმარებების გაჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა, რომელიც, შემდგომ, აშშ-ში სასამართლომ დაბლოკა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციამ გააუქმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა X-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მემორანდუმი, ფედერალური გრანტების შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციამ გააუქმა, უცხოური დახმარებისა და ე.წ. DEI პროგრამების [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაყინვის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა სააგენტოებს დაავალა, რომ "დროებით შეეჩერებინა ყველა აქტივობა, რომელიც ფედერალური ფინანსური დახმარების დამტკიცებასთან ან გაცემასთან იყო დაკავშირებული".
საბიუჯეტო ოფისმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციისთვის გარკვეული დროის მიცემას ისახავდა მიზნად, რათა შეეფასებინა, არსებული ფედერალური გრანტები და სესხები შესაბამისობაში იყო თუ არა ადმინისტრაციის დღის წესრიგთან.
ლევიტმა თავის პირველ პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ დაფინანსებების დროებითი შეჩერება "გადასახადებით აკრეფილი დოლარების კარგ მართვას" ემსახურებოდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე დაამატა, რომ დაფინანსების შეჩერება მთავრობას საშუალებას მისცემდა, შეემცირებინა ფულის ხარჯვა ე.წ. Woke საკითხებზე, მათ შორის, გენდერულ საკითხებსა და მრავალფეროვნების პროგრამებზე.
წყარო: ტაბულა
0 კომენტარი