დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დროებით უნდა გაყინულიყო ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური გრანტები, სესხები და ფინანსური დახმარებები. ინფორმაციას გამოცემა ABC News მოპოვებულ მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს

ახალ მემორანდუმში, რომელიც ორგანიზაციებში აშშ-ს მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მეთიუ ვეითის მიერ გაიგზავნა, აღნიშნულია, რომ "OMB მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია". 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა X-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მემორანდუმი, ფედერალური გრანტების შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციამ გააუქმა, უცხოური დახმარებისა და ე.წ. DEI პროგრამების [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაყინვის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. 

თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეშფოთება გამოხატეს ჯანდაცვის, პოლიციის, სტიქიური უბედურებისა და ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების გაყინვის გამო. 

ამასთან, 28 იანვარს სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღნიშნული ბრძანება, ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების დროებით გაყინვის შესახებ, ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დროებით დაბლოკა. ფედერალური დახმარების დროებითი შეწყვეტა ძალაში 28 იანვარს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე უნდა შესულიყო. 

მოსამართლე ლორენ ალიხანმა ფედერალური დახმარების გაყინვის 2 თებერვლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა დღით ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც ფედერალურ გრანტებს იღებდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

სარჩელში აღნიშნულია, რომ თეთრის სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსებების დროებითი გაყინვა კანონსაწინააღმდეგოა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *