აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო  დახმარების პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ შეტყობინებები უცხო ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებსა და ოფიციალურ პირებს გაეგზავნათ. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულებას საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერების შესახებ ხელი 20 იანვარს მოაწერა. 

აშშ მსოფლიოში საერთაშორისო დახმარების დონორია, რომელიც, 2023 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 68 მილიარდ დოლარს ხარჯავს, მათ შორის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების სახით. 

როგორც გამოცემა BBC წერს, ტრამპის განკარგულება, როგორც ჩანს, შეეხება ყოველი ტიპის ფინანსურ მხარდაჭერას, დაწყებული განვითარების დახმარებით, დამთავრებული სამხედრო დახმარებით. 

გამონაკლისი, BBC-ის ცნობით, გადაუდებელი სასურსათო დახმარება და ისრაელისა და ეგვიპტისთვის გაცემული სამხედრო დაფინანსება. 

ამასთან, 85 დღის განმავლობაში საგარეო დახმარება გადაიხედება, რათა საგარეო პოლიტიკის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვასთან თანხვედრაში იყოს. 

როგორც გამოცემა Politico წერს, შეჩერებული დახმარება, სავარაუდოდ, მოიცავს უკრაინისთვის გაცემულ ფინანსურ და სამხედრო დახმარებასაც. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს აქამდე განუცხადებია, რომ აშშ-ს მიერ სხვა ქვეყნების დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ეს ხარჯი ამერიკას "უფრო ძლიერ", "დაცულსა" და "უფრო წარმატებულს" ხდის.

ცნობისთვის, 23 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილების განზრახვა იმით არის ახსნილი, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს".

ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა იქნება, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.

პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ იგივე ფორმით გააგრძელოს ეს პროგრამები.

ამასთანავე, ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერ ახალ საგარეო დახმარების პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობა იქნება საჭირო.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *