რუსეთის ნავთობით დატვირთული, სულ მცირე, 65 ტანკერი ტივტივებს ჩინეთის, სინგაპურისა და რუსეთის ნაპირებთან მას მერე, რაც 10 იანვარს აშშ-მა გამოაცხადა მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი - ამ ცნობას ხომალდების კვალის აღმრიცხავ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ხუთი ტანკერი ჩინეთის ნაპირებთანაა, შვიდი - სინგაპურის, დანარჩენები შეჩერებულია ბალტიის ზღვაში ან შორეულ აღმოსავლეთში - წერს სააგენტო. მათ შორისაა ნავთობის 25 ტანკერი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო დისლოცირებული, მათ შორის ირანის პორტებში და სუეცის არხის სიახლოვეს.
13 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთიდან აღმოსავლეთით წყალზე ტივტივებდა სამი ტანკერი, რომლებსაც გადააქვს ორ მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი. ეს მოხდა მას მერე, რაც შანდუნის პროვინციის პორტების მმართველმა კომპანიამ აკრძალა იმ ტანკერების მიღება, რომლებიც სანქციების ნუსხაში მოხვდა - იუწყება გამოცემა Bloomberg-ი.
გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ნავთობის კიდევ ერთი მსხვილი მყიდველი, ინდოეთი, ასევე უარს იტყვის სანქციათა ნუსხაში მოხვედრილი ტანკერების მიღებაზე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ ხომალდთა მიმართ, რომლებიც 10 იანვრამდე დაიქირავეს - იმ პირობით, რომ მათი განტვირთვა 12 მარტამდე მოხდება. ამასთან, ინდოეთის ბანკები მოითხოვენ ნავთობის წარმომავლობის დამადასტურებელ საბუთებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის არ ეკუთვნის სანქციების სიაში მოხვედრილ მიმწოდებლებს.
აშშ-მა 10 იანვარს შემოიღო მკაცრი სანქციები რუსეთის ნავთობის ორი უმსხვილესი ექსპორტიორის, Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის წინააღმდეგ. მათთან, ისევე როგორც კიდევ ათეულობით კომპანიასთან, ახლა იკრძალება ფინანსური კავშირები დოლარის ან ამერიკის საფინანსო სისტემის გამოყენებით. შეზღუდვები შეეხო 183 ტანკერს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით დაცურავს და, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვს დასავლეთის ქვეყნების სანქციების დარღვევით. Bloomberg-ი აშშ-ის სანქციათა ამ ჯერჯერობით ბოლო პაკეტს უწოდებს ყველაზე მკაცრს რუსეთის ისტორიაში.
0 კომენტარი