9 იანვარს ჰადსონის ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას “საქართველო შენს ფიქრებში,” რომელზეც მონაწილეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.
ღონისძიებას ონლაინ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მომნხსენებელთა შორის იყვნენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი და ჰადსონის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ვალტერსი.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და მმართველი პარტიის ქმედებები მიმოიხილა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა დასავლეთისთვის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებისაკენ მოუწოდა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, ჰიბრიდული მეთოდებით ქვეყანა თავის გავლენის სფეროში დააბრუნოს. ამისათვის, როგორც ზურაბიშვილმა თქვა, რუსეთი იყენებდა და კვლავაც იყენებს სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის “მმართველ პარტიაში მყოფ მეგობრებს,” პროპაგანდას, ფინანსებს, სანქციებისაგან თავის არიდებას და, რაც მთავარია, არჩევნებს. მისივე თქმით, რუსეთს მსგავსი მცდელობები სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვასა და რუმინეთში და შესაძლოა ეს მცდელობები მომავალში უკვე სხვა სახელმწიფოებში ჰქონდეს. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა ახლა საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია. მან თქვა, რომ როგორც ერთ დროს რეგიონის ლიდერი დემოკრატიაში, საქართველოზე კონტროლი ახლა შესაძლოა აიღონ რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ჩინეთმა, რომელთანაც, პრეზიდენტის თქმით, “მმართველ პარტიას ბევრი ინტერესი აკავშირებს.” მან ასევე გაიხსენა “ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში, სადაც იგი “ტერორისტულ ორგანიზაციების მხარდამხარ იდგა.” ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შავი ზღვაც რუსეთის ინტერესია. დამატებით, მან აღნიშნა, რომ სომხეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მომავალი ექნება საქართველოს.
“ბევრი რამ არის სასწორზე. ჩემი გზავნილი თქვენთან ისაა, რომ არ გაჩერდეთ,” მიმართა ზურაბიშვილმა დასავლელ ლიდერებს. “არალეგიტიმური ხელისუფლების, პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარება უმნიშვნელოვანესია,” დასძინა მან. ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ “ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვანია, დასანქცირდნენ მათთან დაკავშირებული პრივილეგირებული ბიზნესმენები.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ საჭიროა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რაშიც დასავლეთმა ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს.
მან ლიდერებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა “ოცნების” წარმომადგენელთა წინააღმდეგ სხვადასხვა წნეხი არსებობდეს, რათა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, “რომელსაც როგორც ეს ქვეყანა, ისე მისი პარტნიორები იმსახურებენ.”
კონგრესმენმა ჯო უილსონმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის “ძალიან ღრმა და ძლიერ” წარსულ ურთიერთობებზე. “ივანიშვილის რეჟიმი შეერთებული შტატებისა და მთელს მსოფლიოში თავისუფლებისთვის დიდი საფრთხეა. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს არშემდგარი დიქტატორი, რეალურად ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის თოჯინაა,” განაცხადა უილსონმა და დასძინა, რომ “იგი იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო მოქცეულიყო დამპყრობელთა ღერძის გავლენის ქვეშ.” მან ასევე აღნიშნა, რომ “თოჯინა პრემიერმინისტრი [ირაკლი კობახიძე] თეირანში მკვლელ რეჟიმთან წავიდა, იგივე რეჟიმი კი ამ დროს დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა.” უილსონმა ასევე ახსენა ანაკლიის პორტის კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჩინურ კონსორციუმს გაუფორმა.
უილსონმა ასევე ახსენა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. “მე მწამს, რომ დონალდ ტრამპი თავისუფლებას უჭერს მხარს. მე ეს ვიცი,” თქვა უილსონმა და დასძინა: “დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან, ძალიან მკაფიო იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც იგი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს იდგა.” უილსონმა უარყო “ოცნების” იმედები, თითქოს რესპუბლიკელი პრეზიდენტი მათ რეჟიმს მხარს დაუჭერდა: “ივანიშვილის რეჟიმი ატრიალებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მათ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანულ რეჟიმთან თანამშრომლობას დაუსჯელს დატოვებდა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე,” განაცხადა უილსონმა. მისივე მოლოდინით, ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ სანქციები გაიზრდება, აღნიშნულ კურსს კი მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მხარს დაუჭერს.
“ძალიან შთამაგონებელია იმის ნახვა, რომ ცივილიზებული სამყარო ქართველ ხალხს უჭერს მხარს,” განაცხადა უილსონმა და ამის დასტურად ახსენა “საქართველოს მეგობრების” წერილი, რომლის მოწოდებაა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარება, მისთვის სანქციების დაწესება და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება. უილსონმა ასევე ახსენა “მეგობარი აქტი” და “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი,” რომელიც კონგრესს უკვე წარეგინა. “საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას, სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ იგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პარტიის ან თეირანის ორბიტაზე გადავიდეს,” განაცხადა მან.
წყარო: civil.ge
0 კომენტარი