აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სურს უკრაინის ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს მალევე, როგორც კი თეთრ სახლში დაბრუნდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება ის.

ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მალე დაწყება სურს, რადგან "რუსეთი ბევრ ახალგაზრდას კარგავს, და ასევე - უკრაინაც".

ტრამპი ჟურნალისტებს ელაპარაკა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს მამულში. მას არ უთქვამს, რამდენად მალე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუმცა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის დანიშვნა სწორი არ იქნება 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე.

"ამას ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ პუტინს შეხვედრა სურს", - განაცხადა ტრამპმა. "იმედი მაქვს, ეს მოხდება ექვს თვეზე ბევრად ადრე", - დასძინა მან. პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ვითარების "გამოსწორებას", თუმცა საკითხი "რთულია".

ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ ნახევარსფეროს რუკის ხელახლა ფორმირების გეგმებზე ვრცლად ილაპარაკა. 

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, 47-ე პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება, ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს  აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებული პოლიტიკის მიტოვებას და ტერიტორიულ ექსპანსიას გულისხმობს.

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია და პანამის სრუტე ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ორივე ტერიტორიის მოსაპოვებლად სამხედრო ძალას მიმართოს.

"გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ამას დიდი ხანია მეუბნებიან. ხალხი ამაზე დიდი ხანია საუბრობს. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე კანონიერი უფლება. თუ ასეა, უნდა დათმონ, რადგან ის გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თავისუფალი სამყაროს დასაცავად", – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გზავნილის გადასაცემად, რომ ამერიკა გრენლანდიას კარგად მოეპყრობა, არჩეული პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩავიდა. მისი თქმით, გრენლანდიელი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ და როდესაც, იგი ამერიკის ნაწილი გახდება.

ამის პარალელურად, თავად დონალდ ტრამპმა კიდევ არაერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მათ შორის, მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

"ვაპირებთ, მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ შევცვალოთ. ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს – რა ლამაზი სახელია და შესაფერისი", – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა კანადის 51-ე შტატად შემოერთების გეგმებზეც. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, თუმცა მზადაა მიიღოს ეკონომიკური ზომები ოტავას წინააღმდეგ.

"კანადა და შეერთებული შტატები, ეს ნამდვილად რაღაც დიდებული იქნებოდა. მოაშორეთ ეს ხელოვნური საზღვარი და შეხედეთ როგორ გამოიყურება", – თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კანადის მიერთების სურვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთიც გამოხატა, რომელზეც ამერიკის და კანადის ტერიტორია შშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *