ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა [OFAC] უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციისთვის მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა.
მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თანაპარტიელი ანტალ როგანი დასანქცირდა კორუფციისთვის. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს როგანმა მოაწყო სისტემა, რომლითაც საჯარო კონტრაქტებსა და რესურსებს თავის ერთგულ და პარტია ფიდესთან დაახლოებულ პირებზე ანაწილებდა. სქემები მიზნად ისახავდა უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის კონტროლს და ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლების დაუფლებას.
"აშშ არ დააყოვნებს როგანის მსგავსი პირებისთვის პასუხისმგებლობების დაკისრებას, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით უკანონოდ გამდიდრდნენ ქვეყნისა და თანამოქალაქეების ხარჯზე", - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი ტ.სმიტმა.
დღეს დაწესებული სანქციების მიხედვით, ანტალ როგანის ყველა ქონება ან ქონებაზე ინტერესი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზეა ან აშშ-ს მოქალაქეების ხელშია, დაიბლოკება და გადაეცემა აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს. ასევე დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთა 50%-ზე მეტი პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთად, როგანის საკუთრებაშია, თუ მასზე არ არის აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ გამოშვებული ზოგადი ან კონკრეტული ლიცენზია, ან არ ვრცელდება გამონაკლისი.
ასევე OFAC-ის რეგულაციებით, იკრძალება ყველა ტრანზაქცია, აშშ-ის მოქალაქეებისგან, ან აშშ-ს ტერიტორიაზე [ან ტრანზიტში], რომელიც სანქცირებულ პირს ან მის ქონებას უკავშირდება. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები ან პირები, რომლებიც განახორციელებენ სანქცირებულ პირთან ტრანზაქციებს ან ჩაერთვებიან აქტივობებში, შეიძლება დაჯარიმდნენ ან გადაიყვანონ აღსრულების ქმედებაში. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერ თანხას, საქონელს ან მომსახურებას.
0 კომენტარი