აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი,  დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრებს წერილით მიმართავს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასანქცირებას ითხოვს.

მომავალი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩევლის, მაიკ უოლცისადმი მიმართულ წერილში ჯო უილსონი მომდევნო ადმინისტრაციისგან იმ მექანიზმების ამოქმედებას ითხოვს, რომლებიც სანქციების თავიდან არიდების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

"მას შემდეგ, რაც თქვენ დაიკავებთ თქვენს პოზიციებს ახალ ადმინისტრაციაში, მოგიწოდებთ, პრიორიტეტი მიანიჭოთ აშშ-ს სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენებას სანქციების თავიდან აცილების სქემების, ქოლ-ცენტრებისა და ქართული ოცნების სხვა უკანონო საქმიანობების გამოსააშკარავებლად და ხელშესაშლელად", - წერს უილსონი.

კონგრესმენი ხაზს უსვამს, რომ რეჟიმისთვის დასაყრდენად ქცეული კორუმპირებული კადრებისა და კომპანიების გარდა, აუცილებელია ქართული ოცნების მცდარი ნარატივების დანგრევაც.

"სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს პირდაპირ ურტყამს საქართველოს დე ფაქტო მთავრობის მცდარ ნარატივს, რომ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესებთან მათ დაახლოებას არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ან ნებისმიერი სხვა ადმინისტრაცია შეეგუება.

სანქციები მიზანში იღებს რეჟიმის ეკონომიკურ სისტემას - კორუმპირებული კომპანიების ქსელს, რომლებიც ამდიდრებენ არა მხოლოდ ივანიშვილსა და მის ოჯახს, არამედ მის ახლობლებსა და რანტიერებს. ამ კორუმპირებული ქსელის მოშლა საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენისთვის აუცილებელია", - წერს უილსონი.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები უკრაინაში მიმდინარე ომით სარგებლობენ.

"ეს საშუალებები აძლიერებენ ივანიშვილის რეჟიმს და საშუალებას აძლევენ მის კორუმპირებულ კადრებს, სარგებელი მიიღონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მოგიწოდებთ, გააფართოოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებზე", - ნათქვამია რესპუბლიკელი კონგრესმენის წერილში.

უილსონის აზრით, მოკავშირეებთან აშშ-ს შეთანხმებულ მოქმედებებს ქართული ოცნების  არადემოკრატიული რეჟიმის შესუსტება შეუძლია.

"აშშ-ის გადამწყვეტ ქმედებას მოკავშირეებთან კოორდინაციით შეუძლია გაუმართავი გახადოს ეს საქმიანობები, რაც პირდაპირ შეარყევს საქართველოს რეჟიმის უნარს, შეინარჩუნოს საკუთარი არადემოკრატიული ძალაუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად - დავიცვათ დემოკრატია და ვიბრძოლოთ დამაზიანებელი გავლენების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში", - ვკითხულობთ წერილში.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *