მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა, განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტიც ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვაია, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ". 

"აშშ ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ". - წერს აშშ-ს სახდეპის სპიკერი, მეთიუ მილერი. 

"შეერთებული შტატები ასანქცირებს საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს ძირს უთხრის. ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, მომავალი, რომელიც ქართველ ხალხს უსაზღვროდ სურს და საქართველოს კონსტიტუციის მანდატს წარმოადგენს. შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც განაგრძობს საქართველოს 20%-ზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციას.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ქმედებებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ მუდმივი და ძალადობრივი რეპრესიები ხორციელდება. შეერთებული შტატები მოწოდებულია ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულებას იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრიან", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 14024- ე აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *