საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ (IEOM) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.

საქართველოში სადამკვირებლო მისიას ხელმძღვანელობდნენ IRI-ს პრეზიდენტი დოქტორი დენიელ ტვაინინგი, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი და შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელტი. გამოქვეყნებული ანგარიში დეტალურად აღწერს 48-კაციანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანალიზს, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პროცესზე, ასევე არჩევნების დღესა და პოსტსაარჩევნო პერიოდზე.

IRI-ის მისია ასკვნის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტური ხარვეზების ფონზე ჩატარდა, რომელიც გამოიხატა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მარეგულირებელი პრაქტიკის პირობებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტორები რეალურ საარჩევნო კონკურენციას აფერხებდა. ამასთან, სადამკვირებლო მისიის განცხადებით, დაფიქსირდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტები, პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება იქცა მათ სამიზნედ, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს ემქნებოდათ დაბრკოლებები, ხდებოდა ამომრჩეველთა სისტემური დაშინება. IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ საზოგადოებაში ინსტიტუტებისადმი ნდობის ნაკლებობაა.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ გამოიყურებოდა სანდოდ მისი მოქალაქეების თვალში და ის იქცა ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ბრძოლის გზაგზე სამწუხარო თავად. მიუხედავად კრემლის მხრიდან თითქმის 40 წლიანი მცდელობისა ქართულ საზოგადოებაში შეაღწიოს, ქართველი ხალხი უცვლელად განაგრძობს უფრო დიდი კავშირების ძიებას ევროპაში დემოკრატიული მომავლისთვის", - აღნიშნა IRI-ს პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა.

IRI-ის მისიამ დაადგინა, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესზე არაერთმა ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედა, შესაბამისად, მისი სანდოობა ეჭვქვეშ დგება. გარდა ამისა, მისიამ დააფიქსირა მნიშვნელოვანი და სისტემატური დარღვევები საარჩევნო პროცესში და გამოყოფს ოთხ ძირითად მიმართულებას: 1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; 2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა და ამომრჩევლის სისტემატური დაშინება; 3. საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების ხელისუფლების მხრიდან მიტაცება და 4. არჩევნების შედეგების საჯარო უარყოფა.

"ქართული ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო და სამთავრობო ბიუროკრატია, ფუნქციონირებდნენ როგორც მმართველი პარტიის იარაღი და არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოავლინა IRI-მ არჩევნების დაკვირვებისას და რა მოხდა არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია აღადგინოს ქართველი ხალხის ნდობა მათი ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ", - დასძინა ტვაინინგმა.

ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებმა რეალური პოლიტიკური კონკურენციის დაქვეითება გამოააშკარავა, რაც ზრდის საფრთხეს სახელმწიფო ერთმა ძალამ ჩაიგდოს ხელში, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი კონკურენციის გარეშე. მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დგას, რათა არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოს სისუსტეები აღმოიფხვრას.

ამასთან, IRI-ს მისია აქვეყნებს 31 რეკომენდაციას "საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რომელიც მოიცავს მისი მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასა და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ სასწრაფოდ უნდა გადადგას მომავალი არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად". 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *