საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") მოადგილე მირზა კეზევაძე გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" არიან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება კოორდინირებული იყო გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც დღეს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის და დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის მთელი 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ დააწესოს სავიზო შეზღუდვები დამატებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩართულნი იყვნენ ძალადობაში, ასევე მუნიციპალური ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ბოროტად გამოიყენა მათი ძალა, რომ შეეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის ხმის მიცემის უფლება იძულებისა და დაშინების გარეშე.

სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ დღევანდელი სანქციები არის გაგრძელება იმ სავიზო შეზღუდვებისა, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, აფართოებს ამერიკის სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რაც სექტემბერში დაწესდა და ემატება და ავსებს ასევე იმ სანქციებს, რომლებიც 19 დეკემბერსვე დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. ასევე იმას, რაც სხვა ევროპულმა ქვეყნებმა დააწესა.

"ამერიკა მტკიცედ გმობს ქართველი ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წევრების, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების, ოპოზიციონერების მიმართ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვრჩებით ერთგულნი იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც ადამიანის უფლებათა დარღვევებში და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას მოიცავს სანქციები გომელაურის და კეზევაძის წინააღმდეგ?

19 დეკემბერს დაწესებული სანქციების შედეგად, ვახტანგ გომელაურის და მირზა კეზევაძის ნებისმიერი ქონება და/ან წილები/ინტერესი იმ ქონებაში, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს - OFAC-ს.

ასევე ნებისმიერი ფირმა/კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ასევე დაბლოკილია. აშშ-ის პირებს შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განკარგულების დარღვევისთვის.

გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავად შეიძლება აღმოჩნდნენ სანქციების წინაშე - აკრძალვები მოიცავს ნებისმიერ კონტრიბუციას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სანქცირებული პირისთვის, მის სასარგებლოდ ან მისგან.

აშშ-ის სანქციებს წინ უძღოდა ბრიტანული სანქციები

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  4. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  5. მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *