სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, "დაანონსებული დამატებითი სანქციების ფონზე, განიხილავს თუ არა შეერთებული შტატები ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ასევე, რატომ გაიწელა ეს პროცესი დროში და არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით მტკიცებულებებს სწავლობს", საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა. მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა შესაძლებლობა ის ალტერნატიული გზა აერჩია, რომელსაც ქართველი ხალხი მისგან ითხოვდა. ნაცვლად ამისა კი, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და შედეგად აშშ-ი მათ მიმართ მექანიზმების გამოყენებას გააძლიერებს. მეთიუ მილერმა დასძინა ისიც, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის "უფლებამოსილების დასრულებამდე საქართველოს მთავრობას დამატებით სანქციები დაუწესდება". 

"სანქციებთან დაკავშირებით შეკითხვას საკმაოდ ხშირად ვისმენ არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ სანქციები ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი ინსტრუმენტია. სანქციები გახლავთ ერთ-ერთი შესაძლებელი ინსტრუმენტი ანგარიშვალდებულება დავუწესოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ჩვენი რწმენით, ეწინააღმდეგება არამხოლოდ იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს - ადამიანის უფლებებს, ადამიანების უფლებას გამოხატონ დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებები, არამედ, ღირებულებებს, რომლებსაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები უჭერენ მხარს. რაც შეეხება საქართველოს, თუ გადავხედავთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ ცხადი ვიყავით იმ ანტიდემოკრატიული გზის მიმართ, რომელსაც საქართველო ბოლო პერიოდში დაადგა. ასევე, იმ დემოკრატიული უკანდახევის მიმართ, რასაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ ნათლად ვისაუბრეთ ამაზე. სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ ფუნდამენტურად გადაიხედებოდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. სწორედ ამ გადახედვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც მიდიოდა საქართველოს მთავრობისთვის და ეს გავაკეთ იმის გამო, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული მათ მიერ განხორციელებულ ქმედებების გამო. ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებზე ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მათი მონაწილეობისთვის და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მათი ძალადობრივი პასუხისთვის. აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი შეაჩერა. ასე რომ, საპასუხოდ კითხვისა, თუ რატომ სჭირდება ამდენი დრო, არ ნიშნავს, რომ თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ძალიან მკაფიოდ გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება. ასევე, ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ კურსი შეეცვალათ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ და პირველივე დღეს არ გადავედით ნულიდან 100-მდე - საქართველოს მთავრობას ყოველთვის ნათლად ვეუბნებოდით, რომ არსებობდა მათთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული გზა. გზა, რომელსაც ჩვენ გვჯერა, რომ მათი ხალხი ითხოვს და  რომელსაც მათი ხალხი უჭერს მხარს.  თუმცა დროთა განმავლობაში, როდესაც ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ, ამ გზას არ გაჰყვნენ. ასე რომ, თქვენ ნახეთ, როგორ გავაძლიერეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გაძლიერებას, მათ შორის დამატებითი სანქციების ჩათვლით. წინასწარ არ განხივილავ ზუსტად რა სახის იქნება ეს სანქციები, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების დასრულებამდე, დიახ, ჩვენ დავაწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობის მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *