საქართველოს ისტორიული პროევროპული არჩევანის დასაცავი აქციების ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სანქციების პაკეტი გამოსცა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქის მიმართ. სანქცირებულთა შორის არიან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, მათ შორის, მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები. სიაში მოხვდნენ კერძო მოქალაქეებიც. როგორც წესი, სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს სანქცირებულთა ვინაობას. 

12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვიზების გაცემა აიკრძლა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე პირებისთვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ი მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. 

"სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით ოც პიროვნებას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს. "ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომელიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *