აშშ-ს საზაგინო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივებიდან 20 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
გამოყოფილი თანხა G7-ის "განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების" (ERA) სესხების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული 50 მილიარდი დოლარის ნაწილია.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის თქმით, ამ ფინანსების გამოყოფა უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს.
"ეს სახსრები – რომლებიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება – უკრაინას საკუთარი ქვეყნის არაპროვოცირებული აგრესიული ომისგან დასაცავად მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს" - ამბობს ჯანეტ იელენი.
"ამ ინიციატივის ფარგლებში G7-ის მიერ გამოყოფილი $50 მილიარდი უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინას ჰქონდეს რესურსები საგანგებო სამსახურის, საავადმყოფოებისა და წინააღმდეგობის საყრდენების შესანარჩუნებლად. ამერიკის მიერ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან და რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, ეს ქმედება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას. ამ ეტაპზე, პუტინი ჩვენს კოალიციას ნებისყოფის ბრძოლაში ითრევს, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დავიღლებით და უკან დავიხევთ. თუმცა, G7-ის ერთიანობისა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ვიძლევით მკაფიო გზავნილს – რუსეთი თავისი უკანონო ომის ხარჯებს თავად დაფარავს და არა ჩვენი კოალიციის გადასახადების გადამხდელები" - ნათქვამია განცხადებაში.
0 კომენტარი