საქართველოში 28 ნოემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. პოლიცია განაგრძობს აქციის მონაწილეთა ცემასა და სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, 28 ნოემბრიდან დღემდე, 6 დეკემბრამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 340-მდე პირი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით კი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 350-ს აჭარბებს. მოსამართლეები დაკავებულ პირებს სასჯელის სახით 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას აკისრებენ. რიგ შემთხვევებში, დაკავებულებს ეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 4-დან 14 დღემდე ვადით.
28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ბოლო მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 26 პირი. მათთვის წაყენებულ ბრალდებებში ფიგურირებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდება, აფეთქების მომზადება, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანება. მათ წინააღმდეგ საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა ან 18-229-ე პრიმა მუხლებითაა აღძრული. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა 4-დან 9 წლამდეა.
დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა.
ამასთან, პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება. საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ნაცემია და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი 400-მდე ადამიანი გახდა. მათგან 80-ზე მეტს, ორგანიზაციის ცნობითვე, დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებულ 268 პირიდან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191, ხოლო ხილული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს.
რაც შეეხება სასამართლოს და დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვის პროცესს, ორგანიზაციის ცნობით, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ და არ ითვალისწინებენ ბრალდებულთა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მოსამართლეები ასევე არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ სასამართლოს პოლიციის ან სპეცრაზმის მხრიდან ცემისა და წამების შესახებ. როგორც TI წერს, "მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ".
აქციის მონაწილეების სასტიკად ცემისა და წამების ფაქტებზე დასჯილი პოლიციელების რიცხვი არის 0.
წყარო: ტაბულა
0 კომენტარი