5 დეკემბერს, აშშ-ში ქართველი კურსდამრთავლებული სტუდენტები, სოფია გუგავა, მარიამ კუტუბიძე, მარიამ ჟორჟოლიანი, ქეთევან არდოთელი-ზვიადაური, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. მათ ამერიკელ კანონმდებლებს წერილი გადასცეს, რომლის მიხედვითაც ისინი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მიმართავენ თხოვნით, "დაწესდეს მიზანმიმართული ფინანსური სანქციები, დამტკიცდეს ფინანსური დახმარების პაკეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად და კონგრესში გაიმართოს საჯარო მოსმენა, რომელიც ნათელს მოჰფენს ქართველთა მიერ რუსულ ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ევროპული კურსის შენარჩუნების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებს.
გთავაზობთ ღია წერილის სრულ ტექსტს:
კონგრესმენო ვილსონ,
დიდი პატივისცემით მოგმართავთ ამერიკაში ქართველი კურსდამთავრებულები და სტუდენტები, - იმ თაობის წარმომადგენლები, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პროგრესს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
გვინდა, მადლიერება და თანადგომა გამოვხატოთ თქვენი ინიციატივისადმი, დაწესდეს სანქციები იმ ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაზე. თქვენი განცხადება ნათლად მიუთითებს პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე და იმედს აძლევს დემოკრატიისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. ამასთან, გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ “საქართველოში პასუხისმგებლობის, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად შესაძლო გზების მობილიზებისა და გაძლიერების (მეგობარი) აქტის” წარდგენისთვის, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების მნიშვნელოვან პოტენციალს ატარებს.
თქვენი ინიციატივის განსავრცობად, მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუტებს, დააწესონ მიზანმიმართული ფინანსური სანქციები შემდეგი პირების წინააღმდეგ: რეპრესიებსა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნულს და ბიზნეს ლიდერები თუ ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ ანტიდემოკრატიულ აქტივობებს. მნიშვნელოვანი ცვლილების მისაღწევად, აუცილებელია, შეიზღუდოს ამ ჯგუფების ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსებზე წვდომა.
ამასთან, გთხოვთ, გაზარდოთ დემოკრატიის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც ქართულ ეროვნულ მოძრაობას გააძლიერებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაწვდის სასიცოცხლოდ საჭირო რესურსს. ასევე, მოგიწოდებთ, კონგრესში გამართოთ საჯარო მოსმენა, რომელიც ნათელს მოჰფენს ქართველთა მიერ რუსულ ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ევროპული კურსის შენარჩუნების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებს.
ზემოთ აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელია, რადგან საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეწყვეტითა და რუსული ინტერესების გატარებით უღალატა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობასა და მათ მიერ არჩეულ დასავლურ კურსს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევეგუებით გზიდან ამ უხეშ გადახვევას და არ დავუშვებთ, უკვალოდ გაქრეს მრავალი წლის განმავლობაში გაღებული მსხვერპლი და დაღვრილი სისხლი.
მიუხედავად ყველა ღონისა, საქართველოს მთავრობა უგულებელყოფს ხალხის ხმას. ხელისუფლება იყენებს გადამეტებულ ძალას დემონსტრაციების დასაშლელად, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დაკავებებში. მათ შორის, დაკავებულნი არიან ოპოზიციის ლიდერებიც. პროტესტის მონაწილეებზე ხორციელდება სასტიკი შურისძიება სახლებსა თუ სამსახურებში. ჟურნალისტები, რომლებიც ამ ყოველივეს აშუქებენ, აწყდებიან ძალადაობას და წინააღმდეგობას. დაფიქსირებულია ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათი დაკავების შემთხვევები.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში რუსეთის ავტორიტარიზმის დამყარების აღსაკვეთად. ამ რთულ გზაზე გვჭირდება მეგობრების, მათ შორის, მრავალწლიანი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დახმარება.
მტკიცე და შეუპოვარნი ჩვენს მისწრაფებაში თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოსკენ, მიზნად ვისახავთ ჩვენი ერების მრავალწლიანი მეგობრობის გამყარებას. გაერთიანებულნი, გვჯერა, შევძლებთ ისეთი მომავლის აშენებას საქართველოსა და მსოფლიოსთვის, რომელშიც თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.
0 კომენტარი