5 დეკემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიამრთა, რომელიც "მაგნიტსკის გლობალური აქტის" აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. საკომიტეტო მოსმენაზე მომხსენებლის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ სერ უილიამ ბრაუდერი, Hermitage Capital Management-ის ხელმძღვანელი, ასევე "მაგნიტსკის აქტის" იდეის ავტორი და ადამ კითი, Human Rights First/Accountability-ს უფროსი დირექტორი. მათ ხაზი გაუსვეს რამდენად მნიშვნელოვანია "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ეფექტიანი აღსრულება და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებთან კოორდინაცია. სერ უილიამ ბროუდიმ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკელი კანონმდებლების როლი შეერთებული შტატების ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, რათა სწორი გადაწყვეტილებების მიღებით, ხელი შეუწყონ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვას. უილიამ ბრაუდერმა საქართველოზე და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზეც ილაპარაკა მას შემდეგ, რაც სენატორმა ჯინ შაჰინმა მას ჰკითხა, რა ურთიერთმიმართებაა საქართველოში არსებულ ვითარებასა და კორუფციას შორის.
"სად იშოვა მან ფული? - რუსეთში. როგორ იშოვა მან ფული რუსეთში? – "გაზპრომისა" და სხვა სახელმწიფო კომპანიების საშუალებით, რომლებიც, ჩემი გამოცდილებით, უკიდურესად კორუფციულია. მან იშოვა რამდენიმე მილიარდი. დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? - ისინი ეუბნებიან: შენ ფული იშოვე იმ გზით, რომელიც პოტენციურად საეჭვოა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩამოგართვათ, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები შენ წინააღმდეგ და ყველანაირ გზას მივმართოთ ან შეგვიძლია არაფერი არ გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები. რა გააკეთა მან? - დაეხმარა მათ და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი მთავრობა და სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი მთელ ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს. ეს არის ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს კორუფცია. მეორე მაგალითია ის, რომ ამ ხალხს, რომელიც კორუმპირებულია, რომელიც ხელისუფლებაშია, არ სურს შემდეგმა მთავრობამ გამოიძიოს მათი საქმეები. ამიტომ რას შვრებიან? - ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩატენით, არჩევნების გაყალბებით და ა.შ. ყველაფერი ეს სრულად ურთიერთგადაჯაჭვულია. ამიტომაც არის კორუფცია ასეთი მნიშვნელოვანი", - განაცხადა სერ უილიამ ბროუდიმ.
საქართველოში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, სენატორ ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს შეეგუოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს და რომ ამ მხრივ თანხმობა ორპარტიულია.
"მნიშვნელოვანია გავუშვათ გზავნილი, რომ სენატსა და კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი ამ [ძალადობის] საკითხზე საქართველოსთან მიმართებით და რომ არ ვაპირებთ უმოქმედოდ შევეგუოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია მიიღებენ ამ გზავნილს", - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
"მაგნიტსკის გლობალური აქტის" საქართველოს კონტექსტში გამოყენების ეფექტიანობაზე ისაუბრა სხდომის ხელმძღვანელმა, სენატორმა ბენ კარდინმაც.
"ვიმედოვნებთ, "მაგნიტსკის" სანქციები იქნება ხელშემწყობი საქართველოს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, ვინაიდან მიუღებელია, რაც დღეს იქ ხდება - ჩვენი ამ ლაპარაკის პარალელურად რასაც სჩადის საქართველოს ახლანდელი მთავრობა საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - თქვა სენატორმა კარდინმა.
საკომიტეტო მოსმენის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, Human Rights First/Accountability-ს უფროსმა დირექტორმა ადამ კითმა კი ხაზი გაუსვა, რომ "ზოგჯერ ანტიკორუფციული სანქციები გაცილებით ეფექტიანია პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სხვა ტიპის სანქციები".
"ზოგჯერ კორუფციაზე სანქციებს, სარწმუნო ბრალდებებს შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მძლავრი პოლიტიკური ძალა, ვიდრე ადამიანის უფლებებზე ბრალდებებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ორივეს გამოყენებისთვის მზადყოფნა. ვფიქრობ, "მაგნიტსკის" სანქციები, რომლებიც სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ დაუწესა საქართველოს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ძალიან კარგად იყო აღქმული საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მომიტინგეების მიერ, ვის მიმართაც იძალადეს უსაფრთხოების ძალებმა", - განაცხადა ადამ კითმა.
0 კომენტარი