სამმა ამერიკელმა სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ხალხს, რომელიც "მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს" მმართველი პარტიის "სასტიკი რეპრესიებისგან".

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების, როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან, სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის, მოცული იყოს ევროპული ღირებულებებითა და ინსტიტუტებით.

სენატორების შეფასებით, ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ სახიფათო რეჟიმის, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ და ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ხელყოფს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.

ამერიკელი სენატორები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩები არ არის ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი.

კარდინი, უიკერი და კორნინი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფისთვის და აცხადებენ, რომ მან პასუხი უნდა აგოს თავისი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

სენატორების განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას მუდმივი სოლიდარობა და მოქმედებები სჭირდება.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *