აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ პირველი განცხადება ნახევარი საათის წინ, პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაწერა:
"აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ. ამიტომ, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სპიკერ მეთიუ მილერის უფრო ვრცელი განცხადება გავრცელდა:
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციაში დაფიქსირებულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრულ ინტეგრაციაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და კრემლის წინაშე, საქართველო უფრო დაუცველი გახადა. ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება გამოიყენონ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი ჩატარება. "ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასა და კორუფციის საწინააღმდეგო ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობას მიმართ, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებული ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა.
0 კომენტარი