"გადმოდით ხალხის მხარეს, დადექით ხალხის გვერდით", - ამ გზავნილით ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოსთან, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი "ქართული ოცნების" მორიგი ანტიდასავლური ნაბიჯი გახლდათ, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც უკვე მეორე დღეა, მათ წინააღმდეგ მომართული სასტიკი და ძალადობრივი სისტემის მიუხედავად, ქვეყნის დასავლურ კურსს იცავენ. 

"დადექით სწორ მხარეს და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ეს თქვენი ბოლო შანსია, რათა სარკეში რომ ჩაიხედავთ და საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენი ცხოვრების არ შეგრცხვეთ. საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და ეს სულაც არ გახლავთ პათეტიკური შეფასება. გამოხატეთ თქვენი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებასა თუ დიპლომატიურ კარიერას, ჩალის ფასი აქვს", - ასე მიმართა საქართველოს საელჩოში მყოფ ქართველ დიპლომატებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვასილ ჯაიანმა. 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ელისო სხულუხიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ საქართველოს საელჩოში მომუშავე დიპლომატები ხალხის პოზიციას არ გაიზიარებენ, მათ "შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აღარ ექნებათ".

"თქვენ აქ რუსეთის აგენტად ხართ მოვლენილი. თქვენ არ გაქვთ უფლება ამ საელჩოში იმყოფებოდეთ, რადგან პუტინს ემსახურებით", - დასძინა მან. 

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, გია ლომაიას განცხადებით კი, შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ქვეყნის მოღალატეთა რიგებში ჩაეწერა: 

"დღეს საქართველოში ხალხის უდიდესი ნაწილი გაბრაზებულია და ისინი ხვდებიან, რომ ეს გახლავთ ფინალური ბრძოლა, რათა საქართველო რუსეთს არ დავუთმოთ. ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ისტორიულად, საბოლოოდ ყოველთვის საქართველო და ხალხი იმარჯვებდა. ამ შენობაში შეპარულ რუს მოღალატეებს კი ვეტყვი, რომ მას შემდეგ, რაც მათ დიქტატორს რუსეთში გავაგდებთ, მათ ცრემლებს აღარ მივიღებთ როგორც ეს ელჩ ზალკალიანს სჩვევია ხოლმე. ისინი ისტორიაში ჩაეწერებიან როგორც საქართველოს მომავლის საწინააღმდეგო მხარეს მდგომი მოღალატეები, რასაც ქართველი ხალხი მათ არასოდეს აპატიებს", - განაცხადა გია ლომაიამ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეები, ელჩთან და საელჩოს დანარჩენ თანამშრომლებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდნენ. საბოლოოდ, ამ მოთხოვნაზე საპასუხად, საელჩოს შენობიდან გამოსულმა საქართველოს კონსულმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ელჩის წინადადება გადასცა, რომლის მიხედვითაც საელჩოს შენობაში აქციის მხოლოდ სამ მონაწილეს მიიღებდნენ. აქციის მონაწილეებმა კონსულის ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და ელჩს თითოეულ მათგანთან შეხვედრისკენ მოუწოდეს. საელჩომ დიასპორის წერილის მიღებაზეც უარი განაცხადა და საელჩოსთან შესაბამისი მოთხოვნით მისულ ქართველებს კარები არ გაუღო. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *