შეერთებულ შტატებში, სამშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპმა ოპონენტი კამალა ჰარისი, მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა და თეთრ სახლში 47-ე პრეზიდენტის რანგში დაბრუნდება. მას ნდობა 70 მილიონზე მეტმა ამერიკელმა გამოუცხადა, ამასთან, ე.წ. მერყევ შტატებში დამაჯერებელი მხარდაჭერა მოიპოვა. შეერთებულ შტატებში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თეთრ სახლს მხოლოდ ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც კოლეგიის 538 ხმიდან, 270-ს მოიპოვებს. მოგეხსენებათ, თითოეულ შტატს ხმათა განსხვავებული რაოდენობა აქვს, რაც მოსახლეობის რაოდენობით განისაზღვრება. ვისკონსინის შტატში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ დონალდ ტრამპმა ეს ბარიერი გადალახა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, რომ ამირჩიეს 47-ე პრეზიდენტად და მანამდე 45-ე პრეზიდენტად არჩევის განსაკუთრებული პატივისთვის", - ასე მიმართა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ მისი გამარჯვება საბოლოოდ დადასტურდებოდა. მან პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის პირობებში, შეასრულებს ყველა იმ დაპირებას, რაც წინასაარჩევნოდ გასცა, მათ შორის, საემიგრაციო პოლიტიკის თვალსაზრისითაც.
ამერიკულ მედიასა და ანალიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტატუსს ოფიციალურად 20 იანვარს გადაიბარებს, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები დახვდება გამწვავებული პოლიტიკური კრიზისიდან დაწყებული, საგარეო ველზე შეერთებული შტატების წინაშე არსებული გამოწვევებით დასრულებული.
შედეგების გამოცხადების მეორე დღეს, კამალა ჰარისმა საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემოკრატიის მთავარ პრინციპს - "როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ".
"შედეგები უნდა მივიღოთ. ცოტა ხნის წინ მე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მე მას ასევე ვუთხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემაში და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით. ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად, არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისაგან ან ტირანიისაგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, მას პატივი უნდა სცეს. ამასთანავე, ჩვენ ერთგულება გვმართებს არა პრეზიდენტის ან პარტიისადმი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი, ჩვენი სინდისა და ღმერთისადმი", - აღნიშნა მიმართვისას კამალა ჰარისმა. მოგვიანებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპს ტელეფონით მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც ესაუბრა და ის თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია.
შეერთებულ შტატებში, 5 ნოემბერს, მომავალ პრეზიდენტთან ერთად, ამერიკელმა ამომრჩეველმა სენატისა და კონგრესის ქვედა პალატის წევრებიც აირჩია. არსებული მონაცემებით, კონგრესის ზედა პალატაში, ანუ სენატში, უმრავლესობა დემოკრატებმა დაკარგეს და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. კონგრესის ქვედა პალატისთვის ბრძოლა კი, ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ხმები საბოლოოდ არ დათვლილა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია გროვერ კლივლენდის შემდეგ (1892 წელი), რომელმაც თეთრი სახლი არჩევნებით ხელმეორედ დაიბრუნა. ამასთან, ის გახლავთ პირველი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ის გახლავთ ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტიც, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს.
როგორც წინასაარჩევნოდ თავად დონალდ ტრამპმა დააანონსა, ვიცე-პრეზიდენტობის პორტფელს 40 წლის ოჰაიოელი სენატორი, ჯეიდი ვენსი ჩაიბარებს.
0 კომენტარი