ჰელსინკის კომისია "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გახლავთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ასევე, ამ ორი პირის დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაციაზე თავდასხმა. კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსული სტილის ავტორიტარიზმში სწრაფად გადადის".

"შევიტყვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და ქალბატონი გელავას საბანკო ანგარიშები, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა მათ დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაციაზე.

თუ ეს მიგვანიშნებს, რა არის მოსალოდნელი, მაშინ ნათელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ მკვლევრებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააკეთონ თავიანთი საქმე შიშის გარეშე. ჩვენი „მეგობარი აქტი“ საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.

ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Atlantic Council-ის თანამშრომლები არიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამაში არიან ჩართულნი. ორივე მათგანი აქტიურად სწავლობს საქართველოში რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს. მათი საცხოვრებელი სახლები ფინანსურმა პოლიციამ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაჩხრიკეა. 29 ოქტომბერს კი გაირკვა, რომ ორივე მათგანს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *