აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა. მილერმა თავისი განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო:

"შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას", - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.

"ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულყოფილად გამოძიებაზე და მოვუწოდებთ [ხელისუფლებას], პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას".

მოგვიანებით მან განმარტა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული:

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი", - თქვა მილერმა.

მან თავის გამოსვლაში ასევე გაიხსენა, რომ წელს არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხა მოსალოდნელი "შედეგები".

"ჩვენ წელს მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ანტიდემოკრატიულ ქმედებები და დაჰბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - თქვა მან.

მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რაც "ამჟამინდელი მმართველი პარტიის ["ქართული ოცნების"] მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუციითაც" არის გათვალისწინებული.

"ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განიხილონ ის ურთიერთობა, რაც სურთ ევროპის საზოგადოებასთან, ვიდრე გაამკაცრონ ავტორიტარების მიერ შექებული პოლიტიკა. [...] საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ ტრაექტორიას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის აქამდე ცნობილი რეკომენდაციების შესრულებით", - განაცხადა მეთიუ მილერმა. 

ბრიფინგზე შეკითხვა დაისვა რუსეთის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებითაც, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ამ ეტაპზე შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა რუსეთის ჩარევის შესახებ სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირებულა. 

"რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს," - განაცხადა მეთიუ მილერმა. უპასუხა მილერმა რუსეთის ჩარევაზე დასმულ შეკითხვას.

 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *