აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ ცნობებს შემაშფოთებელს უწოდებს და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "იმედგამაცრუებელია, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ქმედებებმა კი, საქართველოს დემოკრატიული პროცესი დააზიანა". სენატორის თქმითვე, ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში შესაბამისი პასუხი განსაზღვროს. 

"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობები იმდენად შემაშფოთებელია, რამდენადაც იმედგამაცრუებელი და ნათელს ხდის, რომ საქართველოში არჩევნების დღე ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურებს შეუსაბამო აღსრულებით იყო დამახინჯებული. ეს მოჰყვება ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებით დაბინძურებულ წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ძირს უთხრის. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სასჯელის მუქარებთან ერთად, ამ ქმედებებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესზე დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა. საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრები არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში, მაგალითად ევროკავშირსა და NATO-ში, უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ - მისწრაფებებს, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს ახლოდან დაკვირვებასა და ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში შესაბამისი პასუხი განვსაზღვროთ", - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *