ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში, სადაც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა პრეზიდენტ ბაიდენის საერთაშორისო ეკონომიკის სტრატეგიასა და ხედვებზე ისაუბრა, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო. Globalnew.ge-ს შეკითხვაზე, "როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე, ამავე კონტექსტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი", ჯეიკ სალივანის განცხადებით, საბოლოო არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. არამგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის", - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
0 კომენტარი