ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა განაცხადეს, რომ დამატებით 10 სენატორი აპირებს, რომ მათ ორპარტიულ კანონპროექტს Georgian People’s Act -ს შეუერთდეს და თანასპონსორი გახდეს. შაჰინისა და რიშის ინიციატივით შექმნილი ორპარტიული დოკუმენტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ქვეყანაში არადემოკრატიულ პროცესებში თანამონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხს მოიცავს. კერძოდ, კორუფციაში ჩართვის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოური გავლენის კანონის მიღებისა და მისი დამტკიცების ხელშეწყობის გამო.
ორპარტიულ კანონპროექტს უერთდებიან: სენატორები ტომ ტილისი, მიტ რომნი, ჯეფ მერკლი, ჯონ კორნინი, კრის მერფი, დენ სალივანი, რომელიც ასევე გახლავთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თავმჯდომარე, ანგუს კინგი, ტოდ იანგი, შელდონ უაითჰაუსი და ჯორჯ ჰელმი მოითხოვეს შეუერთდნენ სენატორების ქართველ ხალხს. ნოემბერში, როდესაც კანონპროექტის განხილვა დაიწყება, მას შეუერთდებიან სენატორები ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი, კრის კუნსი და ლინდსი გრეჰემი.
"მოხარული ვარ, რომ სენატის სხვა კოლეგები აღიარებენ საქართველოში არსებული სიტუაციის აქტუალურობას და დათანხმდნენ "ქართველი ხალხის აქტის" თანასპონსორობას", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. "ერთად, ჩვენ ვაგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა უცვლელია, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს", - დასძინა სენატორმა.
"ეს კანონპროექტი გზავნილია კონგრესისგან, რომ შეერთებული შტატები ერთიანია ქართველი ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რადგან ისინი მომავალს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ხედავენ. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მზად ვართ გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ ძალისხმებას მიაღწიონ თავის მიზანს", - განაცხადა სენატორმა რიშმა.
"საქართველოს მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარება და ევროატლანტიკური მომავლისგან დაშორება შემაშფოთებელია," - აღნიშნა სენატორმა ტილისმა. მისივე თქმით, ამაყობს, რომ "ამ კანონპროექტის თანასპონსორია, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხს მოიცავს".
"საქართველოს მთავრობის ცვლილება რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე და ევროპელ პარტნიორებთან დაშორება საგანგაშოა. ეს კანონმდებლობა საქართველოს კორუმპირებულ ლიდერებს ანგარიშვალდებულას აკისრებს და ქართველ ხალხს მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას ევროატლანტიკურ გზაზე", - განაცხადა სენატორმა კორნინმა.
"რუსეთის მიერ კორუფციის, პროპაგანდისა და ძალადობის გამოყენება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს მომავალს, როგორც ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყანას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს", - ასეთია სენატორ მერფის პოზიცია. მისივე თქმით, "როდესაც პუტინი და მისი მოკავშირეები ცდილობენ შეარყიონ საქართველოს დემოკრატია და ჩამოაყალიბონ მთავრობა, რომელიც შეასრულებს მათ თხოვნას, ორპარტიული კანონმდებლობა ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიასა და საქართველოს ევროპულ მომავალს".
"მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიული მომავლის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათი მთავრობა სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ – ბოლო დროს მიიღო კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ", - განაცხადა სენატორმა რომნიმ. "ჩვენი კანონმდებლობა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას აკისრებს კორუფციაზე და აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ბრძოლაში", - დასძინა მან.
"თავისუფალი, უსაფრთხო, სუვერენული საქართველო, რომელიც პარტნიორია აშშ-ისა და მის მოკავშირეებს, არის როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. საქართველოს აშკარა დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე ცუდია რეგიონის სტაბილურობისთვის. არავის ესმის ეს უფრო კარგად, ვიდრე თავად ქართველ ხალხს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 90%-ს სურს, რომ მათი ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს. თავისუფალი და არა რუსული სამყაროს ნაწილი", - განაცხადა სენატორმა სალივანმა.
"აშშ-ი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვის გვერდით დგას. საქართველოს მთავრობის ბოლო მცდელობები გახდეს რუსეთის მოკავშირე, ქართველების სურვილებს უარყოფს და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს და გამოხატავს ჩვენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - აღნიშნა სენატორმა იანგმა.
აღსანიშნავია, რომ სენატორი შაჰინი, მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ვიზიტისას, სენატორი შაჰინი და თავმჯდომარე ტერნერი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკანდახევის, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებისა და ანტიდასავლური მოქმედებების გამო.
"ქართველი ხალხის აქტის" დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
0 კომენტარი