აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიაში იმყოფება, სადაც ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრით დაიწყო. გერმანიის პრეზიდენტმა ამერიკის პირველ პირს ქვეყნის უმაღლესი ფედერალური ჯილდო - ღირსების ორდენი გადასცა, რაც მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურებისთვისაა განკუთვნილი. ბერლინში, ბელვიუს სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს გერმანიისა და ზოგადად, ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მხარდაჭერისთვის. გერმანიის პრეზიდენტისვე განცხადებით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, ტრანსატლანტიკური ალიანსი "უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე". აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენამდე, გერმანიისგან ღირსების ორდენი 1994 წელს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს გადაეცა. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ შტაინმაიერს მადლობა გადაუხადა ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის და გერმანიასთან მის პირად კავშირებზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა, რომ პირველად გერმანიას ახალგაზრდა სენატორის რანგში მაშინ ესტუმრა, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ორად უყო გაყოფილი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ლაიფციგისა და აღმოსავლეთ ბერლინის მოქალაქეების გამბედაობას, რომლებმაც 1989 წელს, ბერლინის კედელი დაანგრიეს და აღნიშნა, რომ ეს გახლდათ "კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა", რაც მას უნახავს. 

"ერთიანი და თავისუფალი ევროპა, ჩვენი დროის გამორჩეული მიღწევა გახლდათ და ეს არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც ახლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა გახლდათ "შეტევა დემოკრატიასა და იმ პრინციპებზე, რაც ევროპაში გამორჩეულად მხარდაჭერილია". პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ "ზამთრის რთულ პერიოდში შევდივართ, როდესაც დანებების უფლება არ გვაქვს". 

"იმ დრომ, რაც მე გავიარე, მასწავლა, რომ ისტორია წინ მიიწევს და ყველაფრი უკეთესობისკენ იცვლება. ჩვენ არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი დემოკრატიის ძალასა და ალიანსების ღირებულებებში. გერმანიამ გვასწავლა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. ქვეყნებს შეუძლიათ და თავად განსაზღვრავენ საკუთარ ბედს", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა ბერლინში გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას. 

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გერმანია შეერთებული შტატების ერთ0ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და რომ სტაბილურობა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დამოკიდებულია ამერიკისა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობებზე".

ლიდერების შეხვედრისას კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ "ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეარყია", ამასთან, გერმანია ერთგულია "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის" და კიევის გვერდით დადგება "სანამ ეს საჭირო იქნება".

"თქვენი ხელმძღვანელობის დამსახურებით პუტინის გეგმები ჩაიშალა", - უთხრა კანცლერმა ამერიკის პრეზიდენტს. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, გერმანია ცდილობს, რომ "ნატო არ გახდეს მხარე, რათა მიმდინარე ომი კიდევ უფრო დიდ კატასტროფაში არ გადაიზარდოს".  

"პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა. ჩვენ ერთად ვართ და ძლიერი ნატო-ს ერთგულნი ვართ, რომელიც იცავს ალიანსის ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს. ჩვენი ალიანსის ყველა წევრს შეუძლია მას დაეყრდნოს", - აღნიშნა კანცლერმა პრეზიდენტ ბაიდენთან დახურული შეხვედრის დაწყების წინ. 

 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კანცლერ შოლცთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ აშშ-ი, გერმანია და დანარჩენი ევროპა გააგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერის კუთხით. 

"ვიცი, რომ ფასი მძიმეა, მაგრამ არ შეცდეთ: ეს ყველაფერი მკრთალია იმასთან შედარებით, თუ რა საფასურის გადახდაც მოგვიწევდა იმ მსოფლიოში ცხოვრებისთვის, სადაც დიქტატორები იღებენ იმას, რაც მათ სურთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *