ავტორი: გიორგი თავდგირიძე, პოლკოვნიკი

 

2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი მიმართულებიდან შეიჭრნენ და დაიწყო “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, რომელიც თავისი არსით, სრულმაშტაბიანი  ომის დასაწყისი იყო. ორი წლის დაგვიანებით, უკრაინა შეიჭრება რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, ისე რომ თავის ოპერაციას არც სპეციალურს დაარქმევს, არც რაიმე პროპაგანდისტული ნარატივებით შეფუთავს და ამით რუსეთ-უკრაინის ომს ახალ ფაზაში გადაიყვანს - დამაგვირგვინებელ ეტაპზე, რომლის განხილვითაც დავიწყებ სტატიების სერიას და შემოგთავაზებთ ქართველი ოფიცრის თვალით დანახულ, გაანალიზებულ და შეფასებულ გლობალურ მოვლენას, რუსეთის იმპერიულ ომს მსოფლიო დომინაციისთვის.

თქვენთან ერთად, ნაბიჯ ნაბიჯ, დეტალურად, წვრილმანებში ჩაკირკიტებით გამოვიკვლევ რუსეთის იმპერიის ძველ გეოგრაფიულ საზღვრებში აღდგენის მცდელობას, რომელიც ორი წელი და შვიდი თვეა კაცობრიობას ბირთვული კატასტროფის ზღვარზე ამყოფებს. 

იმპერიული ომის რუსული ჩიხი - ნაწილი პირველი 

2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ომმა, რუსეთის მხრიდან თავდაპირველი პოლიტიკური მიზნები  დაკარგა და სამხედრო გზით მისი მიღწევის შეუძლებლობის გამო, იმპერიული ომი ჩიხში შევიდა. დღეიდან მოყოლებული, ყველა შემდგომი მოვლენა სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. დღეს რუსეთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისე დაამთავროს უკრაინასთან ომი, რომ მომავალში იმპერიის აღდგენის ახალ მცდელობის შესაძლებლობა შეინარჩუნოს. 

არსებული რეალობა, კურსკის ოპერაციის შედეგია. 2024 წლის 6 აგვისტოს, უკრაინა, სამი ბრიგადის და მხარდამჭერი ქვედანაყოფების გამოყენებით, კურსკის ოლქში შევიდა და ტერიტორია 100 კმ-ის ფრონტით, 10 კმ-ის სიღრმეში დაიკავა. რუსებისთვის უკრაინელების თამამი სვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. ოპერაციის ფარულობასთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა გავრცელდა. დაიბადა რამდენიმე ჟურნალისტური მითიც: ზოგმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფი შეაქო, ზოგმა ისიც თქვა, სამხედროებს ბოლო წუთამდე არ უთხრეს, რა დავალება ჰქონდათო. ერთმა დამსახურებულმა ოპოზიციონერმა რუსმა მზვერავმა, რომელიც ყოველ მესამე უკრაინელ მაღაჩინოსანში რუსეთის აგენტს ხედავს, ისიც კი ივარაუდა, ოპერაციის დეტალები მხოლოდ უმაღლესმა მთავარსარდალმა და შეიარაღებული ძალების უფროსმა იცოდაო. საიდუმლოების მაღალი ხარისხისა და მოწინააღმდეგის დასაბნევად ცრუ ინფორმაციების დიდი ნაკადების გამო, ფანტასტიკის ზღვარს მიახლოებული მითები და ვარაუდები ყველა ომსა და ბრძოლას ახლავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ შევეცადოთ ობიექტურ რეალობას მივუახლოვდეთ. 

სამხედროები ტერმინ “მოულოდნელს”, იგივე პრინციპით იყენებენ, როგორც მოჭადრაკეები. მოულოდნელი სვლა ჭადრაკში სულაც არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ფიგურებს ვერ ხედავს.  უბრალოდ, განლაგების შეფასებისას, შესაძლოა ან სხვა სვლა უფრო რელისტურად ჩათვალოს, ან საპასუხო ქმედებებისთვის, თავისი ფიგურების ხელსაყრელად განსათავსებლად დრო არ ეყოს.  რუსეთისთვის ზოგადად და პუტინისთვის პერსონალურად, უკრაინელების კურსკში შესვლა და რუსეთის იქ განლაგებული სამხედრო ძალების ფიასკო იმდენად ღირსებაშემლახველი აღმოჩნდა, რომ ერთადერთ ხავსს ჩაჭიდება სცადეს - მოულოდნელი შეტევა გახლდათო. 

ჯერ ერთი, სამხედროებისთვის მოულოდნელობა გასასამართლებელი არგუმენტი არ არის. ოპერაციის დაგეგმვისას ( მათ შორის, საზღვრის დაცვის ოპერაციის), თუ მოწინააღმდეგის მოქმედების შესახებ ინფორმაცია მწირია, ვარაუდი მის ყველაზე ეფექტიან ქმედებაზე აიგება. ანუ, სავარაუდო მოქმედებები ისე იგეგმება, რომ ყველაზე სახიფათო სცენარზე ადეკვატური რეაგირების საშუალებაც კი გაჩნდეს. სამხედროების ქმედების ეს ალგორითმი საბრძოლო წესდებებითაა გამყარებული და რუსულ არმიაშიც მოქმედების ( დაგეგმარების) სტანდარტულ  სქემად მიიჩნევა. ამიტომ, ლამაზ მითებთან ჭიდაობის  გარეშეც, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ დასკვნამდე, რომ საზღვრების მახლობლად უკრაინული ქვედანაყოფების კონცენტრაცია ( მინიმუმ ბოლო 72 საათი ), რუსებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. უბრალოდ, დრო და ძალები არ ეყოთ, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინის შეჭრა აღეკვეთათ. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის ნათელი გახდა, რომ უკრაინა კურსკის ოლქში შესაჭრელად ემზადებოდა, არ ეყო დრო, რათა თავდაცვის ორგანიზებისთვის საკმარისი რაოდენობით ძალები გადაესროლა.  

განვიხილავთ დროის 6-დღიანი მონაკვეთი: ვითარება შეჭრამდე სამი დღით ადრე და შეჭრიდან სამი დღის განმავლობაში და ამ განხილვაში უამრავ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ:

    ფაქტი პირველი: რუსეთს საზღვრების გასწვრივ თავისი ტერიტორიების დასაცავად საკმარისი ძალები არ ყავს განლაგებული, რუსეთი დაუცველია 

ნებისმიერი სახელმწიფო, თავის თავდაცვის სისტემის ძალთა სტრუქტურას, ერთი ზოგადი სქემის დაცვით აგებს: ძირითადი საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებაში, მათ საზღვრის გასწვრივ ფართო ზოლზე ზურგს უმაგრებს ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ამასთან, კონკრეტული ამოცანის გარეშეა, მაგრამ მზადყოფნაშია სტრატეგიული რეზერვის ქვედანაყოფები. 

ამასთანავე, ომის მსვლელობისას, მობილიზაციის ხარჯზე, მუდმივად მიმდინარეობს ახალი ძალების ფორმირება. ფაქტი, რომ საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რუსეთს საკმარისი ქვედანაყოფები არ ყავდა, ეს მხოლოდ ნახევარი უბედურება გახლავთ. ორი თვის თავზეც კი, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ვერ მოახერხა კურსკის ოპერატიულ მიმართულებაზე საჭირო რაოდენობის ძალების გადასროლა. 

ფაქტი მეორე: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამობილიზაციო სისტემა პიკური დატვირთვით მუშაობს და ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა გაიზარდა, რუსეთი ომისთვის საჭირო ძალების ფორმირებას ვერ ახერხებს.  

სამხედრო ხელმძღვანელობას სულ უფრო მეტად გაუჭირდება მის წინაშე მდგარი ოპერატიული ამოცანების შესრულება, თუ ცოცხალი ძალის რიცხოვნება არ დაუახლოვდება ოპტიმალურ ნიშნულს, ხოლო დანაკარგების შევსება შეუფერხებლად არ მოხდება. 

ომის საბოლოო შედეგს ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, მაგრამ ბრძოლის ველზე წარმატება ამ ფაქტორებს შორის გადამწყვეტია. ეშმაკობით, გენიალური კომბინაციებით, სიმამაცით, ირიბი მოქმედებებით, მორალური წნეხით, წარმატებული საინფორმაციო ომით  და ა.შ. ბრძოლის ველზე, გარკვეული დროით, უპირატესობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო წარმატება - გამორიცხულია. ფრონტზე გამარჯვებას ძალით აღწევენ, ანუ ძალებს შორის უპირატესობით. რა თქმა უნდა, უპირობოდ მნიშვნელოვანია ამ ძალის გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვა, ზუსტად ამას ეწოდება სამხედრო ხელოვნება ( ომის და ბრძოლის ხელოვნება), მაგრამ მხოლოდ  ტაქტიკურ და ოპერატიულ საქმეში მაღალი პროფესიონალიზმით, ძალებს შორის დისბალანსის განეიტრალება, შეუძლებელია.  სამხედრო ძალა არის ორგანიზებული, სტრუქტურირებული, აღჭურვილი და გაწვრთნილი ქვედანაყოფების ერთობლიობა. ქვედანაყოფი არის საშტატო სტრუქტურაში მოქცეული პერსონალისა და ტაბელით გაწერილი შეიარაღების ერთობლიობა. ერთი ძალის მიერ მეორე ძალის დამარცხება, შეიძლება გაიწელოს დროში რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის, დიდი სივრცეებისა და დიდი რიცხოვნობის მიზეზით, აგრეთვე, ამ ძალის მოქმედებისთვის საჭირო უზრუნველყოფაში ხარვეზებისა და შეფერხებების შედეგად. ამ შემთხვევაში, კურსკის მაგალითზე, ორი მნიშვნელოვანი ფაქტი დავინახეთ: რუსეთს ძალები არ ყოფნის და რუსეთს ახალი ძალების ფორმირებაში ხარვეზები აქვს. ანუ დღე, როდესაც მას საკმარისი ძალები ეყოლება მთელ ფრონტზე, არ დადგება. შეუძლია თუ არა რუსეთს ვითარების გამოსწორება? ალბათ კი, მაგრამ საამისოდ ამ ომში ახალი მოცემულობა უნდა გაჩნდეს. მაგალითად, დაიწყოს ჯარში ქალების სავალდებულო გაწვევა, ან შეიქმნას კარგად ანაზღაურებადი უცხოური ლეგიონი, ან ჩრდილოეთ კორეა ჩაერთოს ომში და ჯარები გადაისროლოს უკრაინაში და ა.შ.  ალბათ ხვდებით, რომ ეს მხოლოდ თეორიული დაშვებებია და უახლოეს მომავალში არა მხოლოდ მოსალოდნელი არ გახლავთ, არამედ, ამის წინაპირობების დაშვების ნიშნებიც კი არ ჩანს. 

  საკმარისია თუ არა კურსკში შექმნილი მდგომარეობა იმ დასკვნების გასაკეთებლად, რამაც ორი ფაქტორის გამოკვეთამდე მიგვიყვანა? 

კურსკისა და ბრიანსკის სასაზღვრო რაიონებში ქვედანაყოფების განლაგების აუცილებლობა, ჯერ კიდევ 2023 წლის მარტ-აპრილში გაჩნდა, როდესაც უკრაინელები მძლავრი გენერალური შეტევის დაწყებას გეგმავდნენ. მართალია, ეს შეტევა უკრაინის იმჟამინდელი სამხედრო ხელმძღვანელობის გაურკვეველი ჯინიანობის გამო არ განხორციელდა, მაგრამ ეს სუბიექტური ფაქტორი იყო და რადგან ასეთი შეტევის ალბათობა უკვე არსებობდა, ადეკვატური კონტრზომებიც უნდა მიღებულიყო. მაშინაც და მოგვიანებითაც, კურსკი-ბრიანსკის ოპერატიული მიმართულება შეტევისათვის ხელსაყრელი იყო და რაც მთავარია, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველიც ( ამაზე მოგვიანებით). მითუმეტეს, თუ ამ მიმართულებით რუსეთის სამხედრო დაჯგუფება სუსტი იქნებოდა.  

როდესაც ხარკოვისა და ხერსონის კრახის შედეგად, რუსული ქვედანაყოფები მორალურად გატყდნენ და კიევის იერიშის ნაცვლად, იძულებულნი გახდნენ თავდაცვით ბრძოლებზე გადასულიყვნენ, ეს მათთვის ურთულესი ამოცანა აღმოჩნდა. ანუ, შეტევისათვის რუსებს ქვედანაყოფები 4-5 მიმართულებაზე ჰყავდათ კონცენტრირებული და სამიზნე ობიექტებს ვიწრო ფრონტით უტევდნენ, მათ შორის, კიევს. პირველი დარტყმის ეფექტი და შეტევაში ძალების მაღალი კონცენტრაცია, ომის პირველ ეტაპზე, რუსებს საშუალებას აძლევდა, არ ეფიქრათ დამატებითი ძალების მობილიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფრონტისთვის, დოქტრინალური ნორმატივებით, საკმარისი რიცხოვნობა არ ყავდათ, სწრაფი და გარდაუვალი წარმატების მოლოდინში ისინი რისკზე წავიდნენ. რისკმა არ გაამართლა. უკრაინელებმა, რუსების ყველაზე მძლავრი იერიში მოიგერიეს, მოახერხეს ძალების გადაჯგუფება, ოპერატიულ ინიციატივას დაეუფლნენ და შეტევაზე გადავიდნენ. ამ მომენტიდან, კურსკი დ ბრიანსკი, ოპერატიული თვალსაზრისით, უკრიანელებისთვის შეტევის საინტერესო მიმართულება ხდება, ხოლო რუსებისთვის ფრონტის პოტენციური სახიფათო მონაკვეთი.  

დეტალურად ჩავუღრმავდეთ: ვითარება, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე ფრონტის ხაზზე შეიქმნა, საერთოდ აღარ გავდა 2022 წლის გაზაფხულის მდგომარეობას, როდესაც რუსები კიევის აღებას მოკლე ვადაში გეგმავდნენ და ომის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფორმატში“ წარმატების მოლოდინში იყვნენ. 2022 წელს, რუსებმა ხერსონზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს და 3 მარტს, უკრაინის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცენტრი, ოკუპირებული ჰქონდათ. თუმცა უკვე 9 ნოემბერს, ომის სურათის კარდინალური ცვლილებების დასტურად, რუსები იძულებულნი გახდნენ ხერსონი დაეტოვებინათ. მანამდე, 2022 წლის 6 -11 სექტემბერს, უკრაინელებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს ხარკოვთან და 5 დღეში, რუსებს, 8 ათას კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დააკარგვინეს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, 2022 წლის ბოლოსთვის, რუსებმა ომში ოპერატიული ინიციატივა დაკარგეს და რომ არა ზამთრის დადგომა და უკრაინელი ჯარისკაცების უკიდურესი გადაღლილობა მძიმე ბრძოლების შემდეგ, შესაძლოა რუსეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩენილიყო. თუმცა არც 2023 წლის გაზაფხულზე იყო რუსებისთვის უკეთესი ოპერატიული ვითარება. როგორც აღმოჩნდა, რუსებს თავდაცვითი ზღუდეების მომზადება არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც უკრაინელებს დასავლური ჯავშან-ტექნიკა და არტილერია ჩამოუვიდათ, ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებს 120-ათასიანი კორპუსი ყავდათ რეზერვში და სტრატეგიულ შეტევას ამზადებდნენ. 

რუსებმა საფრთხე იმდენად სერიოზულად მიიჩნიეს, რომ დროის მოსაგებად არც გლობალური მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფის ხელოვნურად გამოწვევას მოერიდნენ და კახოვკის დამბა ააფეთქეს. დნეპრის მარცხენა სანაპიროს დატბორვამ, ფრონტის მთელი დასავლეთ ფლანგი შეტევისთვის გამოუსედეგარი გახადა. რუსებმა,  ფრონტის დასასტაბილურებლად, გამონთავისუფლებული ქვედანაყოფები ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებით გადაისროლეს. ხოლო საბრძოლო შეხების ხაზის უკან, სიღრმეში, თავდაცვის ზღუდეების საინჟინრო მოწყობა ფორსირებულად დაიწყეს. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინის შეტევას ელოდებოდა და თავდაცვისთვის დიდი სიფრთხილით ემზადებოდა - მთლიანი ფრონტის ხაზზე, უწყვეტ თავდაცვის ზღუდეს ქმნიდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რუსეთი სერიოზულად უნდა მიდგომოდა ბრიანსკი, კურსკი, ბელგოროდის მონაკვეთის გამაგრებასაც, მაგრამ ფაქტია, რომ არც საინჟინრო საფორტიფიკაციო სამუშაობი ჩაუტარებია არავის და როგორც აღმოჩნდა, არც საკმარისი რაოდენობის ქვედანაყოფების განლაგებაზე უზრუნიათ. ამის ახსნა მხოლოდ ჩინოვნიკების მხრიდან მოვალეობების მიმართ გულგრილი დამოკიდებლობით არ შეიძლება. შესაძლოა, მხოლოდ ერთი მიზეზი განვიხილოთ - რუსებს კატასტროფულად არ ყოფნით ქვედანაყოფები და შესაბამისად, ცოცხალი ძალა ყველა ოპერატიული ამოცანის გადასაფარად. მეტიც, ყველგან, სადაც საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს, ოპერატიული მიმართულებები მოშიშვლებული აქვთ. 

სანამ მსჯელობას გავაგრძელებ, მცირე განმარტებას გავაკეთებ, რას ნიშნავს საკმარისი რაოდენობის ქვედანაყოფი ფრონტის ხაზზე. თანამედროვე სამხედრო საქმე ქმედებებისა და ორგანიზების კარგ სტრუქტურირებასა და სტანდარტიზებას მოითხოვს, ამიტომ არსებობს ცნებები - სამხედრო სტრუქტურა და ქვედანაყოფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში, თითქმის ერთნაირი პრინციპითაა ორგანიზებული. ძირითადი საბრძოლო ერთეული არის ბატალიონი, როგორც წესი ერთგვაროვანი შემადგენლობით, მაგალითად სატანკო, მოტომსროლელი, ქვეითი, საინჟინრო, საარტილერიო და ა.შ. საბრძოლო ბატალიონებია სატანკო და ქვეითი ბატალიონები ( საარტილერიო და საჰაერო დაცვის ქვედანაყოფები საბრძოლო მხარდაჭერას განეკუთვნებიან, ხოლო მომარაგების, რემონტის ან საინჟინრო - მხარდაჭერის. არსებობს მართვის მხარდაჭერაც საშტაბო ან დაცვის ქვედანაყოფების სახით).  

როგორც წესი, საბრძოლო ბატალიონი შედგება 5-6 ასეულისაგან და რიცხოვნობა მერყეობს 500 დან 1200 კაცამდე ( სატანკო ქვედანაყოფებში ასეულში 30-40 სამხედროა, ქვეითებში 120-150 ). ასეულები შედგება 4-6 ოცეულისაგან, ოცეული ათეულებისაგან. 3-4 ბატალიონის ერთობლიობა ქმნის ბრიგადას. ბრიგადა უკვე არის შენაერთი და მის შემადგენლობაში საბრძოლოს გარდა, შედის საბრძოლო მხარდაჭერის, საშტაბო და უზრუნველყოფის ბატალიონები.  ასევე, ბრძოლის ველზე სტანდარტიზირებულია ბატალიონის საბრძოლო მწყობრი. ბატალიონი მოქმედებს 6 კმ-ის ფრონტზე და 8 კილომეტრ სიღრმეში. ეს არის ბატალიონის სამოქმედო რაიონი და იქ სხვა ქვედანაყოფებს არაფერი ესაქმებათ ( გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ დაქვემდებარებაში იღებს მხარდაჭერისთვის რაიმე ქვედანაყოფს). 

ბრიგადა მოქმედებს 20 კმ ფრონტზე და 30 კმ სიღრმეში. 2-3 ან შეიძლება 4 საბრძოლო ბრიგადის ერთობლიობა ქმნის დივიზიას, 2 დივიზია შეიძლება კორპუსსში გაერთიანდეს ან სხვადასხვა ქვედანაყოფების დამატებით არმიის შემადგენლობაში იყოს. დივიზიის სამოქმედო რაიონია 40 კმ ფრონტი და 60 კილომეტრამდე სიღრმე. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ არასაკმარის ძალაზე, ვგულისხმობთ არა მოწინააღმდეგის რიცხოვნობას, არამედ, გეოგრაფიულ არეალში, მოცემული ნორმატივებიდან გამომდინარე, საჭირო ქვედანაყოფების რაოდენობას. 1000-კილომეტრიანი ფრონტისთვის ოპტიმალურია 150-200 ბატალიონი, შეიძლება ნაკლებიც, თუ გარკვეული უბნები გაუვალია ან ბუნებრივი წინააღმდეგობები არსებობს ( მაგალითად, მდინარე მაღალი ნაპირებით) და მის დაცვას ნაკლები ძალა სჭირდება. მაგრამ ეს უკვე ოპერატიული ხელოვნების და სამხედრო დაგეგმარების ნიუანსებია, რომელსაც არ ჩავუღრმავდებით. როგორც წესი, 6 კილომეტრიან ფრონტზე განთავსებული ბატალიონი, მოწინააღმდეგის რიცხოვნობის მიუხედავად, ხანგრძლივად უმკავლდება თავდაცვის ოპერააციას, თუმცა მას გააჩნია ფლანგები. თუ ფლანგებზე სხვა ბატალიონები არ არის განლაგებული, მოწინააღმდეგეს შესაძლებლობა აქვს, შემოუაროს ბატალიონის თავდაცვის ზღუდეებს და ფლანგური დარტყმა განახორციელოს. ამიტომ უწყვეტი და სტაბილური თავდაცვის ზღუდის ორგანიზებისთვის, გვერდიგვერდ საკმარისი რაოდენობის ქვედანაყოფების განლაგება აუცილებელია. თავდაცვის ზღუდის ნორმატივს ზემოთ დაგრძელება იწვევს თავდაცვის დასუსტებას, მასში ნაპრალების გაჩენას. მოწინააღმდეგე კი, მუდმივად ეძებს ფლანგური დარტყმის საშუალებას ან თავდაცვაში არსებულ სუსტ მონაკვეთებს. ასეთი მონაკვეთების აღმოჩენისას შეტევის ორგანიზება ხდება და რაც უფრო მეტი ძალაა ჩართული მასში, მით უფრო დიდ ოპერატიულ სიღრმეში შეიძლება შეაღწიოს და ათეულობით კილომეტრის ფრონტის ხაზი ჩამოშალოს. 

მე-2 მსოფლიო ომის დროს, ბლიცკრიგის ტაქტიკა სწორედ ასეთ მოქმედებას ემყარებოდა, როდესაც სატანკო ქვედანაყოფები, ვიწრო მონაკვეთებზე,  კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებდნენ - არღვევდნენ დაცვას და დიდ სიღრმეებში ახორციელებდნენ მოწინააღმდეგის გარშემოვლას. 

მოკლედ, სუსტ ფლანგზე ან სუსტ მონაკვეთზე წარმატებული მოქმედება მცირე ძალებით, მოკლე დროში, მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების განადგურების საშუალებას იძლევა. სუსტი ფლანგი, ან ფრონტის დაუცველი მონაკვეთი, დამოკლეს მახვილია ნებისმიერი დონის და სიდიდის შენაერთებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუს სამხედროებზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ და ჩემი შეხედულებების სისწორეში ამ ომზე დაკვირვებამაც დამარწმუნა, ისინი აუცილებლად დაინახავდნენ კურსკის ოპერატიული მიმართულების დაუცველობის რისკებს, მაგრამ როგორც ჩანს, კრემლი, როგორც პოლიტიკური მმართველი, საერთოდ არ ითვალისწინებს სამხედროების მოთხოვნებს და მათ აიძულებს იმოქმედონ არა ოპერატიული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არამედ წავიდნენ ავანტიურებსა და გაუმართლებელ რისკებზე.

შევაჯამოთ: ომის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, როდესაც უკრაინამ რუსეთის შეტევა წარმატებით მოიგერია და მას თავდაცვის რეჟიმზე გადასვლა აიძულა, კურსკის მიმართულებაზე საბრძოლო ოპერაციის ჩატარება უკრაინელებისთვის მიმზიდველი, რუსებისთვის კი, სახიფათო რეალობის შემქმნელი აღმოჩნდა. ორივე მხარე უნდა მომზადებულიყო კურსკის ოლქში საბრძოლველად - უკრაინელებს უნდა დაეგროვებინათ შესაბამისი ძალები შეტევისათვის, ხოლო რუსებს მომზადებინათ თავდაცვითი ზღუდე სამხედრო საინჟინრო ფორტიფიკაციებითა და საკმარისი რაოდენობის ქვედანაყოფებით. უკრაინამ ორ წელიწადში ძალების შეგროვება და მოიერიშე დაჯგუფების შექმნა მოახერხა, რუსეთი კი, მოუმზადებელი შეხვდა ამ გარდაუვალ შეტევას. ამ რეალობამ ომი ახალ ფაზაში გადაიყვანა, ხოლო რუსეთის იმპერიული ამბიციები, ჩიხში შეიყვანა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *