რუსა შელია
ბიძინა ივანიშვილი, თავისი არსითა და ბუნებით, ქართველი არ არის და არც არაფერი აქვს საერთო ქართულ ცნობიერებასთან. მას არ გააჩნია არც სულიერი და არც ზნეობრივ-ეთიკური საზომი, ის სრულიად დაცლილია საბაზისო ღირებულებების, რწმენისა და ემპათიკური გაგებისგან. რაიმე ტიპის იდეალებზე, ურთიერთპატივისცემის ცნებაზე, თანასწორობის იდეასა და სოლიდარობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მას არ გააჩნია არცერთი ის დამახასიათებელი ნიშანი ჰუმანურობისა, რამაც როგორც ერი, ათას ისტორიულ ფათერაკს გამოგვატარა და დღემდე გვაცოცხლებს (ჩვენ, ქართველებს ხომ ასე გვჯერა?!). მას ეღიმება, როდესაც ქართველები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავს სწირავენ. ივანიშვილის მსოფმხედველობისთვის წარმოუდგენლად რთულად დასაჯერებელი მოცემულობაა, რომ 4 მილიონამდე ადამიანს, დამოუკიდებელი და მითუმეტეს, ევროპული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოს მართვის ამბიცია აქვს. ის არც, ფართო გაგებით, რაციონალური მმართველია, რომელიც ლოგიკით, ანალიზითა და ფაქტებით მოქმედებს. ივანიშვილის გარშემო ყველაფერი მარტივ ფორმულამდე დადის: დაჩაგროს უკვე დაუძლურებული, კიდევ უფრო ამორალური გახადოს ისედაც მორალისგან დაცლილი ინდივიდი და ამ მეთოდებით გაიმყაროს მისი პირადი პოზიციები. ის "ძლიერია" საქართველოს იმ ყველაზე სუსტ მოქალაქესთან, მოხუცთან თუ ბავშვთან, რომლის ყოველდღიური ბრძოლა შიმშილისგან თავის დაღწევაზე გადის. ის "ძლიერია" ისეთ ამორალურ ადამიანთა წრეში, სადაც ყველაზე მეტს ზნეობაზე საკუთარი უზნეობის გადასაფარად ლაპარაკობენ. ივანიშვილი სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციული საინფორმაციო კამპანიის წარმართვას უკვეთავს საქართველოში LGBTQ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, ის ე.წ. ქართულ ვაჟკაცობას "იცავს" ყველაზე ლაჩრებით.
თუმცა მთელი ამ ტრაგიკული სურათის ირონია მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილმა, თავისი პირით, 2024 წლის 29 აპრილს თვითონ მოგვახალა. თუ მანამდე ჯერ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, გარკვეულ მოვლენებს შორის პირდაპირ კავშირებს მაინც ვერ ხედავდა, ან თვალის დაბრმავება განზრახ უნდოდა კიდეც და საამისოდ მართალია, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც შესაბამისი სივრცე არსებობდა, 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა, მისი შიშველი სიმართლე, ყველას ერთად, სახეში მოგვაფურთხა. მოგვაფურთხა და მოქმედებაც დაიწყო. ქუჩაში, პოლიციის სახელს ამოფარებული დაგეშილი ცხოველები, მისი შვილის თანატოლი ახალგაზრდების უმოწყალოდ საცემრად გამოყარა. საგანგებოდ გაწვრთნილი, ვითომ სამართალდამცავები, ამ შვიდი თვის განმავლობაში უკვე მერამდენედ, ივანიშვილის პირადი ბრძანებით, მთელი ზიზღით ურტყამენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მათ ბატონს არ ემორჩილებიან.
სად არიან ამ დროს ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები? რატომ ხდება ისე, რომ უკვე მესამე დღეა, მოქალაქეების სისხლით მორწყულ რუსთაველზე ხალხი ისევ თვითორგანიზებით იკრიბება? როდის უნდა დაასრულოს პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოების დაკვეთის იგნორირება? დასისხლიანებული მოქალაქეების დაცვამ მაინც რატომ ვერ გააერთიანა ოთხი პარტია ერთმანეთთან? რამდენი ხანი უნდა ვუსმინოთ გიორგი გახარიას ანალიტიკურ წიაღსვლებს მაშინ, როდესაც მისი ამომრჩეველი მისგან პოლიტიკურ გამბედაობასა და რეალური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს? თუ მადლობა უნდა ვუთხრათ მხოლოდ იმისთვის, რომ აქციაზე ყოფნის დამადასტურებელ ფოტოებს, პერიოდულად, აქციებიდან გვიქვეყნებს? როდის უნდა გამოვიდეს ნიკა გვარამია ყალბი თვითკმაყოფილებიდან, რომ ახლა თურმე ის წარმოადგენს ნომერ პირველ ოპოზიციური პარტიას? მაშინ, როდესაც ყველა ძალიან კარგად და ჩვენზე უკეთ, ალბათ, თვითონ იცის, რომ მისი თითოეული ხმა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირების დამსახურებაა. "ახალის" ამომრჩეველი ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს ენდო, თუ მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ადვოკატსა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს? რომელიმე მათგანს აქვს იმის პოლიტიკური სითამამე, რომ ეს მოცემულობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უარყოს? და თუ არ აქვს, რას აკეთებს ახლა ოპოზიციური ერთობისთვის? სად არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის, ისინიც, ვინც პარტია დატოვა, რატომ უყურებენ პროცესებს ახლა დუმილით და გარე დამკვირებლის როლიდან? თუ ყოფილი სახელისუფლებო პარტია სრულად მხოლოდ გიორგი ვაშაძის მმართველობაში გადავიდა? როდის უნდა დაასრულოს მამუკა ხაზარაძემ ორაზროვანი განცხადებების კეთება და მისი რესურსი პოლიტიკური პროცესის დასახმარებლად რეალურად გამოიყენოს?
მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა, ჩვენს ამბიციებსა თუ ეგოს ეს ერგება თუ არა, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიტიკურ ველზე ბალანსი სრულად მოირღვა და ივანიშვილს თავდაჯერებული მოქმედებისთვის სრული კარტბლანში მიეცა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ერთის მხრივ, საფრთხობელა იყო ივანიშვილის ხელში, მაგრამ მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური წონა საფრთხე გახლდათ პირადად ივანიშვილისთვისაც! ბოლო სამი წელია, ამ მხრივ პოლიტიკური პროცესი სრული უწონასწორობის რეჟიმშია გადასული! ბოლო სამი წელია, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ რა ტიპის დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, ცალ-ცალკე, საკუთარ ეგოს აყოლილი და დაქსასული ოპოზიცია და შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერების გარეშე დარჩენილი საზოგადოებრივი პროტესტი მას საფრთხეს ვერასოდეს შეუქმნის. პირიქით, მისთვის პოლიტიკურად იდეალური სცენარიც კია, ქვეყანაში მრავალპარტიულობის ილუზია შეიქმნას, გადაწმყვეტ მომენტში კი, ვერცერთმა მათგანმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს. ეს ხომ კარგად გამოჩნდა 26 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგაც?!
აღარაფერს ვამბობ, რამდენად მძიმე "შეცდომები" (შემთხვევით არ ვსვამ აქ ბრჭყალების ნიშანს და ამაზე საუბრის დროც მალე მოვა) დაუშვეს ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებამდე. ყველაფერი იმაზე უკეთ ჩანს გარედან, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენიათ. დიახ, პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციურ პარტიებს მოეთხოვებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მომავლის გადასარჩენად, ვინ რა როლს შეასრულებს მის მართვასა და შედეგებზე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, აუცილებლად მათზეც გადანაწილდება. დღეს სასწორზე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ოპოზიციის კოორდინირებული, ერთიანი მოქმედების გარეშე, ქართველი ხალხი ამ ბრძოლას მარტო, თვითორგანიზებით ვერ მოიგებს ბიძინა ივანიშვილის სწორედ იმ ტირანული თვისებების გამო, რითაც საუბარი დავიწყე.
0 კომენტარი