უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 15 მარტს თურქეთში ჩასვლას გეგმავს. მისი თქმით, მზადაა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უკრაინაში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე მოლაპარაკებები გამართოს და მეტიც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადად შეხვდეს.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები ცეცხლის სრული შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ და ამჯერად პუტინი "აღარაფერს მოიმიზეზებს", რათა მოლაპარაკებაზე უარი თქვას.
"მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზადა შეხვედრისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებზე განცხადება გაავრცელა.
"პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს გაუთავებელი "სისხლის ღვრა", იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო", - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე და დასძინა, რომ "გააგრძელებს ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!"
0 კომენტარი