საახალწლო დღეებში, რუსეთის მიერ ორგანიზებულ თავდასხმების სერიას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული დრონების რაოდენობა მოსკოვის რეალურ განზრახვებს ნათლად აჩვენებს.
“მათ, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს. თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო არდადეგებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას”, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მის ამ განცხადებას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ევროპის ერთიანობა რუსულ ტერორზე ძლიერია.
“ძვირფასო შარლ მიშელ, გმადლობთ, რომ ზუსტად გადმოეცით, თუ რას ვფიქრობთ და ვგრძნობთ ყველანი. მადლობელი ვარ უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ევროპის ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ და დარწმუნებული ვარ, ძლიერები და ერთიანები დავრჩებით”, წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საპასუხოდ პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
0 კომენტარი