უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დავოსში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ "უკრაინას აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის იმედი აქვს, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია". მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებს, ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი ამოცანებიც გააცნო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ მხარეებმა, თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორი დისტანციის საბრძოლო იარაღზე გაამახვილეს.

„უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები განვიხილეთ, განსაკუთრებით კი, თავდაცვის საშუალებების წარმოების მიმართულებით და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უფრო ფართო თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოების გაზრდა, უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან, ჩვენს დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, შეამცირებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

უკრაინის პრეზიდენტი, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ”პუტინი ომის სიმბოლოა და რომ ერთმა ადამიანმა, მთელ ქვეყანას, მშვიდობის 13 წელი წაართვა". 

"ერთმა ადამიანმა მშვიდობის 13 წელიწადი წაგვართვა და ის ტკივილითა და კრიზისით ჩაანაცვლა, რაც გავლენას მთელ მსოფლიოზე ახდენს. პუტინი ომის სიმბოლოა და არასდროს შეიცვლება. ყველა, ვისაც ჯერ კიდევ სწამს, რომ ეს ომი უკრაინაში დარჩება, ცდება, რადგან დიდია საფრთხე, ის ქვეყნის საზღვრებს გაცდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას. მან პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, თუმცა დასძინა ისიც, რომ სანქციების ეფექტურობისთვის მისი აღსრულების სრული უზრუნველყოფაა აუცილებელი. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *