რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა “ურთიერთობის აღსადგენად კარი ღიაა”.
მედიასთან შეხვედრისას, ფრანგული ტელევიზიის TF1-ის ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ.
პუტინმა შეკითხვის პასუხად თქვა, რომ “მათ საკმაოდ კარგი საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ და რომ რუსეთი მზადაა საფრანგეთთან შემდგომი თანამშრომლობისთვის ორმხრივ და გლობალურ საკითხებზე”, თუმცა ისიც დასძინა, რომ “რაღაც ეტაპზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტა”.
“ეს ჩვენი სურვილით არ მომხდარა, ურთიერთობის შეწყვეტა მისი გადაწყვეტილება იყო. თუ არის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ მის აღსადგენად. თუ ეს ინტერესი არ არსებობს, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს გასაკეთებელი”,-თქვა მან.
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა დასავლეთსა და რუსეთს შორის მომლაპარაკებლის როლი ეთამაშა. ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტი მაკრონი, დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით მოსკოვშიც კი ჩავიდა, თუმცა მაშინ კრემლში გრძელი მაგიდის მოპირდაპირედ მსხდომი პრეზიდენტების ფოტოებიდან მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ პუტინს მოლაპარაკებები არ სურდა.
მედიასთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ევროპის სხვა ლიდერებზეც ისაუბრა. კერძოდ, თქვა, რომ სლოვაკეთის პირველი პირი რობერტ ფიკო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი “არა პრორუსული, არამედ, პრორაციონალური ლიდერები არიან, სხვა ლიდერები კი უფროს ძმაზე არიან დამოკიდებულნი”.
0 კომენტარი