რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთთან “პრობლემები შეიქმნება”. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან თქვა, რომ აპრილში, ფინეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რუსეთს აიძულებს “გარკვეული სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ რუსეთში, ფინეთის საზღვართან განათავსოს, თუმცა ამ განცხადების გაკეთებამდე მან თქვა, რომ “ნატო-სთან დავა არასოდეს ჰქონია და შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, თითქოს რუსეთი ნატო-ს დაესხმება თავს, სისულელეა”.
“მათ (დასავლეთმა) აიღო ფინეთი და ნატო-ში შეათრია. რატომ, გვქონდა რაიმე დავა ფინეთთან? ყველა დავა, მათ შორის, ტერიტორიული ხასიათის, მე-20 საუკუნის შუა ხანებში, დიდი ხნის წინ მოგვარდა. ჩვენ ყველაზე გულითადი ურთიერთობა გვქონდა, ეკონომიკურადაც ყველაფერი ვითარდებოდა. დიახ, სატყეო კომპლექსში იყო პრობლემები, რაც ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან იყო დაკავშირებული. ეს რეალურად უმნიშვნელო საკითხია და პრობლემები არ არსებობდა, ახლა კი პრობლემები იარსებებს, რადგან შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოკრუგს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას დაიწყება”, - ამბობს ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი.
ინტერვიუში ის დასძენს, რომ რუსეთს “არავითარი მიზეზი, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ინტერესი არ აქვს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან საბრძოლველად” და რომ “მოსკოვს მათთან არც ტერიტორიული პრეტენზია აქვს”. მისივე განცხადებით, “ნატო-ს ქვეყნებთან ურთიერთობების გაფუჭების სურვილი არ არსებობს და პირიქით, ის ურთიერთობების განვითარებითაა დაინტერესებული”.
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებამ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტში და ალიანსის საზღვარი რუსეთთან, დაახლოებით, 1300 კილომეტრით გაზარდა.
0 კომენტარი