ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვიოს, რომლის დეტალებზეც, გასულ კვირას, მოსკოვში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩოე სონ ჰუისთან ისაუბრა. ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებებისვე გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ქვეყანაში მიწვევისთვის და ასევე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის.
Reuters-ის ცნობით, KCNA-ს მიერ კორეულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას, უახლოეს მომავალში აპირებს, თუმცა მოგვიანებით ასევე გამოქვეყნდა ტექსტის ინგლისური ვერსია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ვიზიტის "სურვილი" გამოთქვა, თუმცა, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
მოსკოვმა და ფხენიანმა სამხედრო კავშირები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზარდეს. თეთრ სახლსა და ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არაერთხელ აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიებითა და შორ მანძილზე თავდასხმის შესაძლებლობებით, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტებით ეხმარება. მეტიც, ითქვა, რომ წინასაახალწლო დღეებში, უკრაინის დიდ ქალაქებში მასიური თავდასხმისას, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
0 კომენტარი