“ქვეყნის სამხედრო ძალა აუცილებელ ზომებს იღებს სიცოცხლისა და საბრძოლო მასალის გადასარჩენად, რადგან რუსეთი, უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე, თავდასხმებს განაგრძობს”, - ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, ალექსანდრე სირსკი ავრცელებს. მისივე თქმით, “უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება რთულია, ამიტომ სამომავლო მოქმედებებზე საფუძვლიანი ანალიზი ჩატარდა”.
სამხედრო მეთაურის ინფორმაციითვე, რუსეთი ცდილობს დაიკავოს ხარკოვის ოლქის სოფელი სინკივკაც იმ იმედით, რომ გზას ახლომდებარე კუპიანსკის ბლოკადას გაუხსნის. მისივე თქმით, რუსი სამხედროები ძალისხმევას ბახმუტის ჩრდილოეთითა და დასავლეთითაც აძლიერებენ და ტერიტორიაზე საჰაერო-სადესანტო ძალებს, საზღვაო ქვეითებსა და სპეცრაზმს ათავსებენ. სარდალ სირსკის ამბობს, რომ რუსული აქტივობის ზრდა დაფიქსირდა ალყაში მოქცეულ ქალაქ ავდიივკას მახლობლადაც.
“ჩვენ ერთობლივად მივიღეთ საჭირო გადაწყვეტილებები და ზომები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სტაბილურობა, შევინარჩუნოთ ჯარისკაცების სიცოცხლე და რაციონალურად გამოვიყენოთ საბრძოლო მასალა”- წერს ის ტელეგრამ არხზე.
ფრონტზე არსებულ ვითარებაზე განცხადება უკრაინელმა გენერალმა, ალექსანდრე ტარნავსკიმაც გაავრცელა, რომელიც უკრაინულ სამხედრო ძალებს ავდიივკასა და ზაპოროჟიას შორის არსებულ ფრონტის ხაზზე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, რუსეთი საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს.
0 კომენტარი