უკრაინის სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, იძულებით გადაყვანილი ბავშვების დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ქვეყნების კოალიცია, მათი რეპატრიაციის უფრო სწრაფი მექანიზმების შემუშავებას შეძლებს.
უკრაინის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ომის დაწყებიდან 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი რუსეთში იძულებით წაიყვანეს.
უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მისივე თქმით, აუცილებელია ყოვლისმომცველი მექანიზმის შემუშავება რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების იდენტიფიცირებისთვის.
კოალიციამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადებაც, რომლის მიხედვითაც დაიდო პირობა, რომ კოალიცია გამოიყენებს ყველა შესაძლო ძალისხმევას უკრაინელი ბავშვების რეპატრიაციისთვის, ასევე, ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას სამშობლოში.
გარდა ამისა, კოალიცია მიზნად ისახავს პასუხისგებაში მისცეს ის რუსი თანამდებობის პირებიც, რომლებიც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის მხოლოდ 387 უკრაინელი ბავშვის რეპატრიაცია მოხერხდა.
როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელობას დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტების გამო.
0 კომენტარი