უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის განადგურების ფაქტი დაადასტურა. ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს ჩამოვარდა.
"26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა. საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია", – წერია გენშტაბის განცხადებაში.
4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მიერ მიწოდებული ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს.
აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო.
ავიაგამანადგურებლები უკრაინამ NATO-ს ევროპული ქვეყნებისგან ვაშინგტონის შუამავლობით მიიღო. გასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.
როგორც The New York Times-ი წერდა, წელს F-16-ების ფრენას მხოლოდ 20 უკრაინელი პილოტი შეძლებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიევს მხოლოდ 10 ავიაგამანდგურებლის გამოყენება შეეძლებოდა, რადგან თითო თვითმფრინავს ორი მფრინავი სჭირდება.
Tabula
0 კომენტარი