"ამჟამად, დაახლოებით, 1 300 სატვირთო, ტვირთის უკრაინის ტერიტორიაზე გადასაზიდად, პოლონეთის საზღვართან რიგში იმყოფება, თუმცა გამშვებ პუნქტებზე ბლოკადის მოხსნის შემდეგ, გადაზიდვების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა", - განაცხადა მედიასთან საუბრისას უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრიი დემჩენკომ. მისივე თქმით, "სატვირთოების მოძრაობა არსად ფერხდება და საზღვარს, ყოველდღიურად, 3 000 სატვირთო კვეთს".
16 იანვარს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები, სრულად მას შემდეგ გაიხსნა, რაც პოლონეთის მთავრობასა და სატვირთოების მძღოლებს შორის შეთანხმება შედგა. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ გამშვები პუნქტების ბლოკირება, პირველ მარტამდე შეწყდება.
ომის დაწყებამდე, უკრაინული ექსპორტის უმეტესი ნაწილი, შავი ზღვის გავლით გადიოდა, თუმცა რუსული ბლოკადის შემდეგ, ექსპორტი სახმელეთო ინფრასტრუქტურაზე გადანაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი, ომის დაწყების დღიდანვე, უკრაინის მთავარი სატრანზიტო პარტნიორი იყო, პოლონელი მძღოლები უკრაინულ სატვირთოებზე მოხსნილი შეზღუდვების განახლებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი გაუქმებით, მათი ბიზნესები ზიანდება. ევროკავშირის შეთანხმების მიხედვით, უკრაინულ სატვირთოებს 2024 წლის 30 ივნისამდე, ბლოკის ტერიტორიაზე შესვლისთვის სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ. ეს შეთანხმება კიევთან 2022 წლის ივნისში, სატრანსპორტო წესების ლიბერალიზაციის მიზნით გაფორმდა.
0 კომენტარი