თურქეთში, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 ადამიანი დააკავა. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ განცხადება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ სამართალდამცავები, "მოსადთან" კავშირში მყოფ, დამატებით, 13 ეჭვმიტანილს ეძებენ.
ეჭვმიტანილები სტამბოლსა და შვიდ სხვა პროვინციაში ჩატარებული რეიდებისას დააკავეს. თურქული მხარის ინფორმაციით, მათი საქმიანობა მოიცავდა თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების „დაზვერვას, დევნას, თავდასხმასა და გატაცებას“. "ისრაელის ოფიციალური პირები, ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდნენ",- ნათქვამია თურქეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მოსადთან" სავარაუდო კავშირში მყოფი ეჭვმიტანილები თურქეთმა მას შემდეგ დააკავა, რაც რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, შინ ბეტმა თქვა, რომ მისი ორგანიზაცია მზადაა "ჰამასი ყველგან გაანადგუროს, მათ შორის, ლიბანში, თურქეთსა და ყატარში".
საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ "თუ ისრაელი გააგრძელებს თურქეთის ტერიტორიაზე "ჰამასის" ოფიციალურ პირებზე თავდასხმის მუქარას, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება".
2022 წელს, თურქეთმა და ისრაელმა, მრავალწლიანი დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ურთიერთობების ნორმალიზება ელჩების ხელახალი დანიშვნით მოახერხეს, თუმცა აღდგენილი კავშირები, ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, სწრაფადვე გაუარესდა.
ანკარა ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსია. კრიტიკის პარალელურად, ისრაელმა დიპლომატების თურქეთიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ "ეს პოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული, რადგან თურქეთის ოფიციალური პირების მხრიდან უხეში განცხადებები ინტენსიური გახდა". მალევე, ისრაელიდან ელჩი თურქეთმაც გაიწვია.
თავდაპირველად, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ღაზას სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე "მდუმარე პოზიცია" ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში, მისი შეფასებები საკმაოდ მწვავე გახდა. მეტიც, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ნაცისტების ლიდერ ადოლფ ჰიტლერს შეადარა და ომის დანაშაულისთვის მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებაც მოითხოვა. პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომლის მთავრობამ "ჰამასის" რამდენიმე ოფიციალურ პირს წარსულში უმასპინძლა, ასევე თქვა, რომ "მებრძოლი ჯგუფი, რომელსაც ისრაელი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, საკუთარი მიწებისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძვის".
0 კომენტარი