სერბეთის პოლიციამ საპროტესტო აქციის 38 მონაწილე დააკავა, რომლებიც 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ. აქციების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო.

მანამდე, მომიტინგეებმა ბელგრადის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, მათ წინააღმდეგ კი, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.

სერბეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა, ივიცა ივკოვიჩმა მედიას უთხრა, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ბრალი ედებათ "საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობით დარღვევასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში". მისივე განცხადებით, მომიტინგეებთან დაპირისპირებისას, რვა ოფიცერი მძიმედ დაშავდა. ოპოზიციის კი ამბობს, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა. მღელვარებას სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბელგრადის ქუჩებზე გადაადგილება დაბლოკეს, მათ შორის, ხიდები და ცენტრალური გზები.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპროტესტო აქციები “უცხოეთის დახმარებით, ხელისუფლების დამხობის მცდელობად” შეაფასა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა - “უცხოეთში”. მისმა თანამოაზრემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა კი, რუსეთს მადლობა გადაუხადა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების წინ, სერბეთისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

“ვუჩიჩს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ დასავლეთი ოპოზიციის პროტესტს ხელს უწყობს”, - უთხრა რუსულ მედიას სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევები გამოავლინეს, მათ შორის, ხმის მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. სერბეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს, ოფიციალურ პირებსა და წევრ ქვეყნებს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამი, რომ ისინი არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ. ევროკავშირი სერბეთს დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: https://globalnews.ge/ge/evropa/saprotesto-aqciebis-sedegad-serbetis-30-saarcevno-ubanze-ganmeorebiti-arcevnebi-catardeba

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *