აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა, საჰაერო იერიში ათზე მეტ ლოკაციაზე მიიტანეს, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუთი" მეამბოხეები, იემენში მასიური თავდსახმებისთვის იყენებდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, დარტყმები მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორი სახელმწიფოები, წითელ ზღვაში თავდასხმების სერიას „არ შეურიგდებიან“. მისივე თქმით, სარაკეტო იერიშის მიტანა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა და ფრთხილმა მოწოდებებმა, კომერციულ გემებზე "ჰუთი" მეამბოხეების თავდასხმების სერია, ვერ შეაჩერა.
„ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია "ჰუთების" უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში, რომელთა სამიზნე საერთაშორისო საზღვაო გემებია. მათ ისტორიაში პირველად, გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს“, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მისივე თქმით, "ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების თავდასხმები, საფრთხეს უქმნის ამერიკელ პერსონალს, მეზღვაურებსა და თავისუფალი ვაჭრობის ნაკადს, ამიტომ შეერთებული შტატები არ მოერიდება შემდგომ ზომებს ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის დასაცავად”.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც "ჰუთი" მეამბოხეეები წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე თავდასხმას ინტენსიურად ახორციელებენ. ერთი კვირის წინ, თეთრმა სახლმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ წითელ ზღვაში თავდასხმები არ შეწყდებოდა, "ჰუთები" პოტენციური საპასუხო სამხედრო მოქმედებების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. აღნიშნულ გაფრთხილებას გარკვეული ხანმოკლე გავლენა ჰქონდა, რადგან ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების თავდასხმები რამდენიმე დღით შეჩერდა, თუმცა სამშაბათს, მათ ისევ გაუშვეს უპილოტო დრონებისა და რაკეტების ყველაზე დიდი ნაკადი სატვირთო გემების წინააღმდეგ. მაშინ, აშშ-ისა და ბრიტანულმა გემებმა, 18 დრონი და ერთი გემსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოაგდეს.
მედიასთან საუბრისას, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამშაბათს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, სადაც "ჰუთების" თავდასხმებზე საპასუხო სამხედრო ვარიანტები განიხილეს, რის შემდეგაც, აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხო დარტყმების განხორციელების განკარგულება გასცა.
განცხადებას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკიც, რომელშიც ნათქვამია, რომ სამეფო საჰაერო ძალებმა მიზანმიმართული დარტყმები იმ სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს, რომლებსაც "ჰუთები" სამხედრო ტექნიკის ჰაბად იყენებდნენ. „დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენა შეზღუდული, აუცილებელი და პროპორციული ძალა, რათა "ჰუთების" სამხედრო შესაძლებლობები შემცირდეს და საერთაშორისო გემები დავიცვათ", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მეამბოხეები, რომლებმაც 19 ნოემბრის შემდეგ წითელ ზღვაში 27 თავდასხმა განახორციელეს, საპასუხო განცხადებას ავრცელებენ. "ჰუთების" მაღალჩინოსანმა, ალი ალ-ქაჰუმმა პირობა დადო, რომ ის შურს იძიებს. "ბრძოლა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ეს ამერიკელებსა და ბრიტანელებს წარმოუდგენიათ", - წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
წითელ ზღვაში, საერთაშორისო გემების დაცვის მიზნით, აშშ-ის ხელმძღვანელობით, 20-ზე მეტი ქვეყანა ერთ კოალიციაში გაერთიანდა. გაფართოებული საპატრულო ოპერაციის დაწყება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 3 დეკემბერს, "ჰუთებმა", სამ კომერციულ გემზე თავდასხმა, რაკეტებით განახორციელეს.
0 კომენტარი