“ინდოეთის ოკეანეში, ირანის მხრიდან, ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა” - ინფორმაციას შეერთებული შტატები ავრცელებს. პენტაგონმა თქვა, რომ გემს, სახელწოდებით - Chem Pluto, ინდოეთის სანაპიროდან 200 მილის (379 კმ) დაშორებით ესროლეს. ეკიპაჟმა გემზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოახერხა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი კი, ირანს, ამ დრომდე, არ გაუკეთებია.

წითელ ზღვაში, უპილოტო და სარაკეტო თავდასხმების სერია, რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთის მეამბოხეებმა აიღეს. აშშ-ის ინფორმაციით, შაბათს "ორი საზენიტო ბალისტიკური რაკეტა ჰუთის მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან ისროლეს, სამიზნე კი, ისევ საერთაშორისო გემები იყო". ითქვა ისიც, რომ "ხომალდმა, სახელწოდებით USS Laboon, რომელიც წითელ ზღვაში პატრულირებს,  „ჰუთი მეამბოხეების ოთხი უპილოტო დრონი ჩამოაგდო".

ჰუთის ამბოხებულები იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ამბობენ, რომ მათი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო გემია. სწორედ  თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, მსხვილი გადამზიდი კომპანიების უმრავლესობამ, წითელი ზღვის გავლით ტვირთის გადაზიდვა შეაჩერა.

შეერთებული შტატების განცხადებით, ირანს  "მჭიდრო კავშირი აქვს წითელ ზღვაში, კომერციული გემების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვასთან". 

ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა კი თქვა, რომ “თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულის ჩადენას განაგრძობენ, ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს. “მათ ხმელთაშუა ზღვის, გიბრალტარის სრუტისა და სხვა წყლების დახურვა ელოდებათ“, - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურის, მოჰამედ რეზა ნაყდის განცხადებაში, რომელსაც ირანული მედია ავრცელებს. როგორ აპირებს ირანი მუქარის განხორციელებას, ირნაულ მედიაში არ დაზუსტებულა. 

წითელ ზღვაში გახშირებულმა თავდასხმებმა, უკვე მოახდინა გავლენა გლობალური ვაჭრობის შეფერხების კუთხით. შეცვლილი მარშრუტის გამო, გადაზიდვისთვის საჭირო დროს რამდენიმე დღით გაიზარდა, რაც თავისთავად იწვევს ხარჯების მომატებასაც.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *