რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, დღეს ჩანიშნულ მეორე სასამართლო სხდომაზეც არ გამოჩნდა, რამაც მისი გუნდის შეშფოთება კიდევ უფრო უფრო გააღრმავა. უკვე 10 დღეა, რაც გუნდმა ლიდერთან ყოველგვარი კონტაქტი დაკარგა.

გასულ კვირას, ალექსეი ნავალნის ადვოკატებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ წინასწარი დაკავების ცენტრში სცადეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა, თუმცა ამბობენ, რომ "პასუხს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან". 

ვლადიმირის რეგიონის ოქტაბრსკის სასამართლოს მოსამართლე ნავალნის „ადგილსამყოფელის დადგენამდე დარბაზში სხდომები შეაჩერა, თუმცა ადვოკატი ვიაჩესლავ გიმადი ამბობს, რომ „კანონში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს“.

 „ნაცვლად მართლმსაჯულების აღსრულებისა და სასჯელაღსრულების სამსახურის ვალდებულებისა, სასამართლო დარბაზში ბრალდებულის აქტივობა უზრუნველყონ, მოსმენები განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა“, - თქვა ადვოკატმა ვიაჩესლავ გიმადიმ და დასძინა, რომ გუნდი, მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს კამპანიის დაწყებას სახელწოდებით - #whereisNavalny.

როგორც რუსი ოპოზიციონერი ლიდერის თანამოაზრეები ამბობენ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა ოფიციალურად წარმოადგინა ცნობა, რომ ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ იმყოფებოდა, თუმცა, დამატებითი ინფორმაცია, როდის გაიყვანეს საპატიმროდან ან სად წაიყვანეს ის, არ მიუწოდებიათ.

რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მარიანა კაცაროვა ამბობს, კონკრეტული ინფორმაციის მიღეიბს მიზნით, რუსეთის ხელისუფლებას პარასკევს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერც მან მიიღო.

“შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, არ ასაჯაროებს ბატონი ნავალნის ადგილსამყოფელისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც მის იძულებით გაუჩინარებას ადასტურებს. ბატონი ნავალნის ადვოკატებს, რომლებსაც მასთან შეხვედრა 6 დეკემბრიდან აეკრძალათ, სასამართლომ მხოლოდ ის უთხრა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმირის რეგიონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იმყოფება”, - თქვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი “დაკავებისთანავე არასათანადო მოპყრობისა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარსებობის შესახებ იტყობინებოდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ის ემზადებოდა უფრო მკაცრი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადასაყვანადაც მას შემდეგ, რაც 2023 წლის 4 აგვისტოს, დამატებით 19 წლით პატიმრობა მიესაჯა ექსტრემიზმის უსაფუძვლო ბრალდებით, თუმცა დღეს ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ მის შესახებ ყველა ინფორმაცია მიუწვდომელია”.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციითვე, 2023 წლის 13 ოქტომბერს, ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი იმავე ბრალდებით დააკავეს და მათაც ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

„მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები. ტერმინს „ექსტრემიზმი“ არ აქვს საფუძველი საერთაშორისო სამართალში და ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაიგმოს. ბატონი ნავალნი და ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონოდ დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და უზრუნველყონ მიყენებული ზიანის კომპენსაცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - დასძინა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *