უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინაში საჰაერო თავდასხმისთვის, რუსეთმა ირანული წარმოშობის 90 უპილოტო დრონი გამოიყენა. ქალაქ ოდესაში, 15 წლის ბიჭი დაიღუპა და შვიდი ადამიანი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. თავდასხმის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა ისაუბრა და თქვა, რომ ნამსხვრევებმა მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე ხანძარიც გამოიწვია.
ქალაქ ლვოვში, რუსეთის თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინელი სამხედრო მეთაურის, რომან შუხევიჩის სახელობის მუზეუმს. ასევე დაზიანდა უნივერსიტეტის შენობა ქალაქ დუბლიანში, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო თავდასხმები, რუსეთის 18-საათიანი მძიმე დაბომბვების სერიას მოჰყვა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, პარასკევის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 49 ადამიანია დაიღუპა. მაშველებმა, ნანგრევების ქვეშ, კიდევ რვა ცხედარი იპოვეს, სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე გრძელდება.
თავის მხრივ, უკრაინის მხრიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას რუსეთიც ავრცელებს. ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი დენის პუშილინი იუწყება, რომ უკრაინის შეტევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 13 ადამიანი მძმედ დაიჭრა. რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მსხვერპლთა შორის ჟურნალისტიცაა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
რუსული მხარის ინფორმაციითვე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა რუსეთის სასაზღვრო ქალაქ შებეკინოს დაბომბვისას. რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციითვე, ქალაქ ბელგოროდის ცენტრში 21 ადამიანი დაიღუპა.
0 კომენტარი