ალექსეი ნავალნის გუნდი ამბობს, რომ მათ ლიდერთან კავშირი დაკარგეს. ბოლო მონაცემებით, ის მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, თუმცა ბოლო ექვსი დღეა მისი ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც ნავალნის გუნდის წევრები აცხადებენ, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

აგვისტოში, ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რუსულმა სასამართლომ ის “ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებისა და სხვა არაერთი მსგავსი ფაქტის გამო” დამნაშავედ სცნო. მანამდეც, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი უკვე იყო დაკავებული თაღლითობის ბრალდებით, რაც დაკავებულმა თავიდანვე უარყო.

ნავალნის მომხრეები აცხადებენ, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობა ჩაახშონ. მისი ადვოკატების თქმით, მათ რამდენჯერმე სცადეს კოლონიის ადმინისტრაციასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

დაკავებული ოპოზიციონერის თანამოაზრე, ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაკარგვა შემთხვევითი არ არის და რუსეთში დანიშნულ არჩევნებს უკავშირდება.

“როგორც ჩანს, ალექსეი ნავალნი არ იმყოფება ვლადიმირის რეგიონში. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მისი ადგილსამყოფელი, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ გავარკვიოთ. რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ ეს ყველაფერი ახლა ხდება - მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ “არჩევნები” დანიშნა, ნავალნის გუნდმა კი დაიწყო კამპანია: რუსეთი პუტინის გარეშე. შესაბამისად, მისი გაქრობა პირდაპირ კრემლიდან კონტროლდება. პუტინისთვის საიდუმლო არ არის, ვინ არის მისი მთავარი ოპონენტი ამ “არჩევნებში” და მას სურს დარწმუნდეს, რომ ნავალნის ხმა არსად ისმის და სრულად ჩახშობილია. თუმცა უნდა მოხდეს პირიქით - ახლა ყველა ნავალნის ხმა უნდა გახდეს”,-ამბობს ლეონიდ ვოლკოვი.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *