უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში აფეთქებების ხმა დღეს, დილის 8 საათზე გაისმა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ საჰაერო განგაშის სირენებია ჩართული დნიპროში, ხარკოვში, კიევსა და ლვოვში. გუშინ კი, მაშინ, როდესაც სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში, უკრაინელი ჯარისკაცები მართლმადიდებლურ შობას აღნიშნავდნენ, რუსეთმა საჰაერო შეტევების სერია განაგრძო. ხერსონის ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
პარალელურად, თავდასხმები გრძელდება უკრაინის ელექტროსადგურებზეც. დონეცკის ოლქში, რუსული თავდასხმების შედეგად, ორი ელექტროსადგური გაითიშა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, "რუსეთი თავდასხმებს ააქტიურებს უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზეც, რაც ზამთრის პერიოდში მათი სამხედრო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს". რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა დონეცკის ოლქის თბოელექტროსადგურიც. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადად, ენერგოსისტემა კონტროლს ექვემდებარება და ელექტროენერგიის მასშტაბური დეფიციტი არ დაფიქსირებულა.
0 კომენტარი