რუსეთი ადასტურებს, რომ “მისი სადესანტო გემი შავ ზღვაში, ყირიმის ყველაზე დიდ პორტში, უკრაინის თავდასხმის შედეგად დაზიანდა”. ავიაიერიში სადესანტო ხომალდ “ნოვოჩერკასკიზე” განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემზე მართვადი რაკეტები იყო განთავსებული.
რუსეთის მიერ ყირიმში გუბერნატორად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი, მძიმედ დაშავდა. მისივე თქმით, პორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და სატრანსპორტო ოპერაციები გრძელდება, თავდასხმით გამოწვეული ხანძრის ლოკალიზება კი, დროულად შეძლეს.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტმა, ნატოს ყოფილმა ანალიტიკოსმა პატრიკ ბერიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ყირიმის პორტში მყოფ გემზე ირანული წარმოების დრონები იყო განლაგებული, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებდა.
უკრაინულ მედიასთან კი, უკრაინის სამხრეთ სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა აღნიშნა, რომ „ნათელია, ასეთი მძლავრი აფეთქება მხოლოდ გემზე არსებული საწვავით ან საბრძოლო მასალით არ იქნებოდა გამოწვეული“. მან დასძინა, რომ რუსეთს სირთულეები შეექმნა "მნიშვნელოვანი ტვირთის" ტრანსპორტირების ნაწილშიც, რადგან დაზიანდა ქერჩის ხიდიც, რომელიც რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
მისივე თქმით, "ნოვოჩერკასკის" აღდგენა, რომელსაც ტანკებისა და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის გადაზიდვა შეუძლია და ასევე, ხმელეთზე დესანტის გადასასმელად გამოიყენება, უახლოეს მომავალში, რთული იქნება.
სამხედრო ანალიტიკოსების მოლოდინით, გემის, თუნდაც მცირე ხნით მწყობრიდან გამოყვანა, რუსეთის შესაძლებლობას, ჯარს შესაბამისი საბრძოლო მასალა ოკუპირებული ტერიტორიების ჩრდილოეთით მიაწოდოს, შეაფერხებს, თუმცა გაურკვეველია, რა დროით, ან რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს დარტყმა ფრონტის წინა ხაზზე.
დღესვე, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთმა ქალაქ მიკოლაივიდან დაახლოებით 125 კილომეტრში, უკრაინული ორი სუ-24 ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი ქალაქი მარიინკა დაიკავეს. თავდაპირველად, შოიგუს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიევმა უარყო, თუმცა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქის გარეუბნებში და უფრო მოშორებით გავიდნენ.
მარიინკა უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც ერთგვარ თავდაცვით ბარიერს წარმოადგენს ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დიდი ნაწილი დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებლი ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ მარიინკა - დონეცკის კარიბჭედ მიჩნეული ქალაქი, თითქმის მთლიანად განადგურებულია.
0 კომენტარი